ქვეშეთი-კობის გზის პროექტის მიზანია, გააუმჯობესოს რეგიონში არსებული სიტუაცია და შესაძლებელი გახადოს უწყვეტად და უსაფრთხოდ გადაადგილება წელიწადის ნებისმიერ დროს. ახალი გზით შემცირდება გადაადგილების დრო და ხარჯები, გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება, გაიზრდება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და განვითარდება სხვადასხვა მიმართულების ტურიზმი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 23 კმ სიგრძის, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მოეწყობა საცალფეხო გადასასვლელები, საფეხმავლო ბილიკები და ქვეითთა/პირუტყვთა გადასასვლელები.
პროექტი ხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით. მისი საერთო ღირებულება 1.240 მილიარდი ლარია. სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს. სამშენებლო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია UBM INTERNATIONAL UNITED CONSULTANTS INC.
ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის საერთო სიგრძე 11 კმ-ით შემცირდება, მგზავრობის დრო კი იქნება 15 წუთი, ნაცვლად 1 საათისა. ასევე, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა და გადაადგილება ნებისმიერი ტიპის მანქანისთვის იქნება უსაფრთხო წელიწადის ნებისმიერ დროს. ახალი გზა შესაძლებელს ხდის, თავიდან ავირიდოთ ცუდი ამინდით, ზვავითა და დიდთოვლობით გამოწვეული საფრთხე.
რთული კლიმატური და გეოგრაფიული პირობების გამო, ადგილობრივი მოსახლეობა წელიწადში თითქმის 100 დღის განმავლობაში მოწყვეტილია გარე სამყაროს და არ აქვს წვდომა სოციალურ სერვისებზე. ახალი გზა გაუუმჯობესებს მათ საცხოვრებელ პირობებს, გაუადვილებს კავშირს გარე სამყაროსთან და მისცემს წვდომას ყველანაირ სერვისზე. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს სხვადასხვა მიმართულების ტურიზმის განვითარებას და გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსაც.
ქვეშეთი-კობის გზის პროექტი დაყოფილია 2 ლოტად.
პირველი ლოტის, 9 კმ სიგრძის გვირაბის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს China Railway Tunnel Group Co., Ltd. (CRTG); მეორე ლოტის, მისასვლელი გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს China Railway 23rd Bureau Group Co;
ქვეშეთი-კობის ორივე ლოტის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა განხორციელდა ყველა საერთაშორისო შესყიდვის წესის დაცვით, აზიის განვითარების ბანკის მიერ შემუშავებული შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით (Procurement Regulations for ADB Borrowers). ორივე ლოტზე გამარჯვებულად გამოვლინდა უმცირესი ფასის მქონე, ტენდერის ყველა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი კომპანიები.
სამშენებლო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს საერთაშორისო შესყიდვის წესით გამოვლენილი საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია UBM INTERNATIONAL UNITED CONSULTANTS INC. (UBM) .
იმისათვის, რომ გზის მშენებლობისას, თავიდან იქნეს აცილებული რაიმე სახის გავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე, გარემოზე და ხეობაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე, სპეციალურად ამ პროექტისთვის, ჩინეთში დამზადდა გვირაბგამყვანი საბურღი მანქანა TBM. ეს მანქანა გამოიყენება ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბისათვის. TBM არის ყველაზე თანამედროვე, დახვეწილი და მინიმალური ხმაურის მქონე მეთოდი და, შესაბამისად, ყველაზე ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს გარემოზე, რადგან ვიბრაცია დაყვანილია მინიმუმამდე.
კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია ვალდებულია, შექმნას ადგილ-სპეციფიკური გარემოს მართვის გეგმა. კონტრაქტორი მუდმივად განახორციელებს მონიტორინგს და, თუკი ვიბრაციის, ან ხმაურის დონე გადააჭარბებს სტანდარტით დადგენილ ნორმებს, გატარდება შემარბილებელი ღონისძიებები, მაგალითად, ხმაურისა და ვიბრაციის ზემოქმედების შემცირება სხვადასხვა აღჭურვილობის, ან სამუშაო მეთოდების გამოყენებით.
ადგილობრივ მოსახლეობაზე ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად, სამშენებლო ბანაკები დასახლებიდან საქართველოში მოქმედი გარემოს დაცვის სტანდარტების მიხედვით იქნება დაშორებული.
მცირე გვირაბების გაყვანისას, გამოიყენებენ გვირაბის ღია წესით გაყვანის და ბურღვა-აფეთქებით მეთოდებს, რომლის დეტალური მეთოდოლოგიაც განსაზღვრული იქნება ადგილზე და შეირჩევა ისე, რომ მოხდეს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაცია.