ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტთან კონსულტაციით, 2021 წლის ოქტომბერში გამოაცხადა კონკურსი ხადის ხეობის განვითარების გეგმის შემუშავებისათვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ ურბანულ დაგეგმარებასა და განვითარების გეგმების შემუშავებაში საერთაშორისო გამოცდილების მქონე ადგილობრივ კომპანიებს. საკონკურსო პირობები ჩამოყალიბდა სპეციალურად ისე, რომ უზრუნველყოფილია მაღალი კვალიფიკაციის კომპანიის შერჩევა.
კონკურსის საბოლოო შედეგები 2022 წლის პირველ კვარტალში გახდება ცნობილი. ხადის ხეობის განვითარების გეგმის მომზადება მიზნად ისახავს, ახალი გზის მშენებლობის შედეგად, ხეობისთვის მიღებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებასა და გაზრდას, არსებული უნიკალური გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვას, უკონტროლო მშენებლობების აკრძალვას და, ამავე დროს, ადგილობრივი თემებისთვის სარგებელის მოტანას. გეგმა დაადგენს დასახლებების სამშენებლო და არასამშენებლო არეალებს, გამოყოფს ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტის ტერიტორიებს, ფუნქციურ ზონებსა და ქვეზონებს, განსაზღვრავს ყველა საჭირო პირობას სამშენებლო ნებართვების გასაცემად, კანონმდებლობის შესაბამისად.
ასევე, იდენტიფიცირებული იქნება კონკრეტული პროექტები, რომელთა დაფინანსება სახელმწიფოს, ან კერძო სექტორის მიერ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკისა და ზოგადად, რეგიონის განვითარებას. აღნიშნული დოკუმენტი შემუშავდება ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური თანამონაწილეობით, გათვალისწინებული იქნება მათი ხედვები, იდეები, სურვილები და არგუმენტირებული მოთხოვნები. კონკურსში გამარჯვებული კომპანია ხადის ხეობის განვითარების გეგმას მოამზადებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის, ადგილობრივი კანონმდებლობისა და ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის გათვალისწინებით.