კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქვეშეთი-კობის გზის პროექტის საინფორმაციო გვერდზე! აღნიშნული ყოველკვარტლური ბიულეტენი მიზნად ისახავს დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას პროექტის ბოლო სიახლეების, რესურსებისა და განცხადებების შესახებ. საინფორმაციო ბიულეტენი შედგენილია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე საქართველოს გზების დეპარტამენტის მიერ. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ ეს ვიდეო ან გაეცნოთ პროექტის საჯარო დოკუმენტაციას და ხშირად დასმულ შეკითხვებს.
ქვეშეთი-კობის ახალი გზა ხადის ხეობას, რომელიც ზამთრის პერიოდში სხვა რეგიონებს მოწყვეტილი და მიტოვებულია, სრულად შეცვლის. ამ გამოწვევის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლება და აზიის განვითარების ბანკი რეგიონის განვითარების სრული გეგმის შემუშავებაზე იზრუნებენ. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ხეობის ისტორიულ-კულტურული განვითარების გეგმას (მიმდინარე: იხ. ინტერვიუს განყოფილება), ზოგადი განვითარების გეგმას საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით და პრიორიტეტულ საინვესტიციო გეგმას.
ხადის ხეობის განვითარების გეგმა მიზნად ისახავს, ახალი გზის მშენებლობის შედეგად, სრულად მოხდეს ხეობის პოტენციალის გამოყენება, შენარჩუნდეს არსებული უნიკალური გარემო და მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა. გარდა ამისა, განვითარების გეგმის საშუალებით, შესაძლებლობა იქნება უკონტროლო მშენებლობების იდენტიფიცირება და აკრძალვა. ამავდროულად, აღნიშნული დოკუმენტი ორიენტირებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის სარგებლის მოტანაზე. განვითარების გეგმა ასევე გამოიყენება სამშენებლო და არასამშენებლო ზონების იდენტიფიცირებისათვის, ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტის გამოკვეთისთვის, ფუნქციური ზონებისა და ქვე-ზონების განსაზღვრისთვის, მშენებლობის ნებართვის კანონმდებლობის შესაბამისად გაცემისთვის საჭირო ყველა აუცილებელი პირობის გამოვლენისთვის.
გარდა ამისა, იდენტიფიცირებული იქნება პროექტები, რომელთა სახელმწიფოს, ან კერძო სექტორის მიერ დაფინანსების შედეგად, ხელი შეეწყობა ადგილობრივი ეკონომიკისა და ზოგადად, რეგიონის მდგრად განვითარებას. აღნიშნული დოკუმენტი შეიქმნება ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით. გათვალისწინებული იქნება მათი ხედვები, იდეები, სურვილები და არგუმენტირებული მოთხოვნები.
ხადის ხეობის განვითარების გეგმა 2022 წლის მარტის შემდეგ მომზადდება. კომპანიის გამოსავლენად, რომელიც იმუშავებს აღნიშნულ დოკუმენტზე 2021 წლის ოქტომბერში კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის პირობები აზიის განვითარების ბანკმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტთან კონსულტაციით ისე შეიმუშავა, რომ უზრუნველყოფილი იქნება მაღალი კვალიფიკაციის კომპანიის შერჩევა.
წინასაკონკურსო შეხვედრა უკვე გაიმართა და კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ ურბანულ დაგეგმარებასა და განვითარების გეგმების შემუშავებაში საერთაშორისო გამოცდილების მქონე ადგილობრივ კომპანიებს. საბოლოო შედეგები 2022 წლის პირველ კვარტალში გახდება ცნობილი.
კონკურსში გამარჯვებული კომპანია ხადის ხეობის განვითარების გეგმას მოამზადებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის, ადგილობრივი კანონმდებლობისა და ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის გათვალისწინებით.
ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლაში საგანმანთლებლო გარემოსდაცვითი პროექტი დაიწყო. პროექტი გარემოსდაცვით ორგანიზაცია „ეკოხედვასთან“ ერთად ხორციელდება და სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. მისი მთავარი მიზანია, ხადის ხეობის მოსახლეობის სწორი ინფორმირება ინფრასტრუქტურულ და გარემოსდაცვით საკითხებზე.
პირველი შეხვედრა სკოლის უფროსკლასელებთან უკვე ჩატარდა. „ეკოხედვის“ ექსპერტებმა ლექციის მიმდინარეობისას ისაუბრეს ზოგად გარემოსდაცვით საკითხებზე, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს გასათვალისწინებულ მიმართულებებზე. ჯამში, პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლის უფროსკლასელებს 5 ასეთი ლექცია ჩაუტარდებათ. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილია მოსწავლეების ვიზიტი უშუალოდ სამშენებლო ტერიტორიაზე, უახლესი ტექნოლოგიებისა და მიდგომების გასაცნობად, სალექციო კურსის ბოლოს კი სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ კონკურსში, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოცხადდება.
უფროსკლასელების გარდა, „ეკოხედვის“ წარმომადგენლები სკოლის დირექციასა და მასწავლებლებსაც შეხვდებიან. პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლაში ჩამოყალიბდება ეკოკლუბი, რომლის წევრებიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა აქტივობაში – ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, კონკურსები და ა.შ.
დაგეგმილია „ეკოხედვის“ წარმომადგენლების შეხვედრა ეკოკლუბის ბენეფიციარებთან, რათა შემუშავდეს ეკოკლუბის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა. გეგმა გულისხმობს ქვეშეთის სკოლის მიმდებარე ტერიტორიების გამწვანებაზე ზრუნვას, სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქციებს, ინტელექტუალური თამაშების ორგანიზებას გარემოსდაცვით თემებზე და ა.შ.
პროექტის დასასრულს, ქვეშეთის საჯარო სკოლაში გაიმართება გარე ღონისძიება – პრეს-კონფერენცია, ნახატების გამოფენა, პროექტის ფარგლებში შემუშავებული რესურსების წარდგენა და პროექტის შეფასება.
აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პოლიტიკისა და პროცედურების შესასრულებლად, მობილიზებულია რამდენიმე დამოუკიდებელი ექსპერტი, რათა პროექტის განხორციელებისას, რეგულარულად დააკვირდნენ გარემოსთან, უსაფრთხოებასთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან და მიწის შესყიდვასთან და განსახლებასთან დაკავშირებული საკითხებს.
შვიდმა საერთაშორისო ექსპერტმა, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, რომლებიც დაფინანსებული არიან აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ, პროექტის მიმდინარეობის ადგილზე განახორციელა მონიტორინგის მისიები 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში. გარდა ამისა, ადგილზე ყოველდღიურად ჩადიან სამშენებლო ზედამხედველობის კონსულტანტები, ხოლო ყოველ კვირას – გზების დეპარტამენტისა და აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტები.
იდენტიფიცირებული და განხორციელებულია მთელი რიგი ქმედებები იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს სხვადასხვა სახის ზემოქმედება მშენებლობის დროს და გაუმჯობესდეს საარსებო პირობები პროექტის განხორციელების პერიოდში და შემდეგ. მაგალითად, ათწლეულების განმავლობაში, პირველად გაიხსნა წკერესკენ მიმავალი გზა და ადგილობრივებს მიეწოდებათ წყალი და ელექტროენერგია.
გარდა ამისა, აზიის განვითარების ბანკის დავების პანელის სოციალურ საკითხებში და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დამოუკიდებელი ანგარიშგების მექანიზმის ფარგლებში ასევე დაიგეგმა ფაქტების დამდგენი მისიების ვიზიტები პროექტის ლოკაციაზე სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. ამ მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ პროექტი წარიმართება აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პოლიტიკასა და პროცედურებთან შესაბამისობაში.
– რა ფორმით ჩაერთეთ ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტში და კონკრეტულად რა არის თქვენი კომპანიის დავალება?
– აზიის განვითარების ბანკმა შეარჩია ჩვენი კომპანია, პროექტთან ტექნიკური შესაბამისობიდან გამომდინარე, რათა მოვამზადოთ ხადის ხეობის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა. ამ გეგმის შემადგენლობა და ფორმატი საქართველოს კანონმდებლობითაა გაწერილი.
– რას გულისხმობს საყრდენი გეგმა?
– საქართველოს კანონში არსებობს დადგენილება კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დამცავი ზონების შესახებ. ეს დადგენილება საზღვრავს, რისგან უნდა შედგებოდეს ეს ზონები. ჩვენ სწორედ დამცავი ზონების სარეკომენდაციო პროექტის მოსამზადებელ დოკუმენტაციას ვამუშავებთ. ამ ეტაპზე, სამუშაოს 60%-ზე მეტი გვაქვს შესრულებული. თუმცა, სპექტრი საკმაოდ მოცულობითია და არაერთი ეტაპისგან შედგება.
– რა ეტაპები დასრულდა და რა დარჩა მოსამზადებელი საბოლოო გეგმის შემუშავებისთვის?
– შევიმუშავეთ არსებული სიტუაციური გეგმების რუკები, ჩავატარეთ აეროგადაღებების და სხვა ფონური კვლევები. შეიქმნა გეომონაცემთა ბაზა. შემდეგ, ჩატარდა კომპლექსური საველე სამუშაოები, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაცია. უნდა აღინიშნოს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ჩვენამდე ჩაატარა გარკვეული სამუშაოები და ჩვენ მათი შედეგები, შეიძლება ითქვას, გავამდიდრეთ. ინვენტარიზაცია გულისხმობს სახელოვნებათმცოდნეო, არქეოლოგიური, სოციოლოგიური, არქიტექტურული, საინჟინრო და ქალაქგეგმარებითი კვლევების ჩატარებას. ამ კვლევების ჩატარების შემდეგ, ჩვენ ყველა შენობაზე შევადგინეთ ჯერ საველე ბარათი, შემდეგ სააღრიცხვო ბარათი. ეს ყველაფერი გაერთიანდა ბაზაში და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ანალიტიკური ნაწილის მომზადება. საუბარია 13 სოფელში მდებარე ათასზე მეტ ობიექტზე.
– რა ეტაპია გასავლელი საბოლოო დოკუმენტის მისაღებად და რისთვის არის ეს დოკუმენტი საჭირო?
– საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ თემატიკური რუკების სერიას, დავამუშავებთ ერთიან პროექტს, რომელშიც შესული იქნება რეკომენდაციები, სად და რა ტიპის კულტურული მემკვიდრეობის განვითარების შესაძლებლობები არსებობს, სად არის მაღალი ღირებულებების მქონე ობიექტები, უბნები, რა უნდა გაითვალისწინოს ქვეშეთი-კობის გზის პროექტის გუნდმა ხადის ხეობის განვითარების გეგმის შემუშავების დროს. საბოლოო დოკუმენტს დართული ექნება ანალიტიკური რუკების სერია და განმარტებითი ტექსტები, სადაც დასაბუთებული იქნება ეს ყველაფერი, განმარტებული იქნება მეთოდოლოგია, მოცემული იქნება სტატისტიკა და რეკომენდაციები თითოეულ ნაგებობაზე, უბანზე თუ დასახლებულ პუნქტზე. სწორედ ეს არის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, რომელსაც ექვსთვიანი მუშაობის შედეგად, 2022 წლის მარტში დავასრულებთ.
წკერე-კობის მონაკვეთზე (ლოტი 1) მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანა. სამუშაოების დაწყების დღიდან ამ დრომდე გაბურღულია 2370 მეტრამდე. პარალელურად მიმდინარეობს მთავარი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები სპეციალურად პროექტისთვის დამზადებული დანადგარით – TBM-ით. მთავარი, 9 კმ სიგრძისა და 15 მეტრის დიამეტრის გვირაბის უკვე 370 მეტრია გაბურღული და ბურღვის პარალელურად, მიმდინარეობს მოპირკეთების სამუშაოებიც. მოპირკეთებისთვის საჭირო მასალა მზადდება ამავე ლოკაციაზე მდებარე ქარხანაში. 2021 წლის დეკემბრისთვის, ჯამში 10 000 რკინაბეტონის სეგმენტია დამზადებული გვირაბის მოპირკეთებისათვის. წკერეს მხრიდან დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები საევაკუაციო გვირაბის პორტალის ასაშენებლად. აღნიშნული საევაკუაციო გვირაბი შენდება მთავარი გვირაბის პარალელურად, გვირაბების უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად.
ქვეშეთი-წკერეს მონაკვეთზე (ლოტი 2) აქტიურად მიმდინარეობს მეორე ხიდის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები (სოფელ არახვეთთან). პარალელურად, მიმდინარეობს პირველი გვირაბის გაყვანა (სოფელი არახვეთიდან დიდველის ველამდე). 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, გაბურღულია 100 მეტრამდე.
მესამე ხიდზე მიმდინარეობს ექსკავაციის სამუშაოები (თაღებიანი ხიდი ხადის ხეობაში). ხოლო მეორე და მესამე გვირაბებზე დაწყებულია პორტალის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. აქტიურ ფაზაშია საცხოვრებელი და საოფისე კემპების მოწყობის პროცესიც. ჯამში, საუბარია სამ საოფისე კემპზე: სოფელ არახვეთში, დიდველის ველზე და სოფელ გომურნისთან ახლოს.
ბოლო პერიოდის განმავლობაში, უშუალოდ ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტში საქართველოს ბევრი მოქალაქე დასაქმდა, ჯამში 364 ადამიანი. პროექტში დასაქმებულთა დაახლოებით 55% ადგილობრივია (200 ადამიანი), რომელიც დასაქმებულია უშუალოდ პროექტის განხორციელების მიმდებარე ტერიტორიიდან.
პროექტის ფარგლებში გრძელდება სხვადასხვა მიმართულების დასაქმების შესაძლებლობების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. პრიორიტეტულია, რომ დასაქმდნენ ადამიანები, რომლებიც უშუალოდ პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.
ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებს ჯგუფური შეხვედრებისა და მოსახლეობაში განცხადებების გავრცელების მეშვეობით მიეწოდებათ. გარდა ამისა, აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება პროექტის ოფიციალურ Facebook გვერდსა და ვებ-გვერდზე.
პროექტში დასაქმებულებს უტარდებათ ტრენინგები შრომის უსაფრთხოების, ნარჩენების მართვის, ხანძრისა და პირველადი დახმარების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ტრენინგები მიზნად ისახავს, დაეხმაროს დასაქმებულებს უნარების განვითარებაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ხელი შეუწყოს კარიერულ ზრდაში.
პროექტი, ასევე, ქმნის არაპირდაპირი სამუშაოების შექმნის შესაძლებლობას ადგილობრივი მომმარაგებლების, ბიზნესმენებისა და სერვისის მიმწოდებლების დასაქმებით, რაც ხელს უწყობს ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე დასაქმების პრობლემის მოგვარებას.
გზების დეპარტამენტი და აზიის განვითარების ბანკი ერთობლივად მუშაობენ პროექტის სპეციფიკური გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გეგმების შეჯამებაზე, რომელიც მოიცავს რამდენიმე რუკასა და ვიზუალს.
პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების მეშვეობით, განისაზღვრა 20-მდე თემისა და უბნის სპეციფიკური გარემოსდაცვითი მართვის გეგმა, რომელიც უნდა შემუშავდეს თითოეული მონაკვეთისთვის/ლოტისთვის, იმპლემენტაციის დროს. აღნიშნული ტექნიკური გეგმების უმეტესობა შემუშავებულია და ხორციელდება.
გეგმების მიზნები და შინაარსი შეჯამებულია დამოუკიდებელ და ილუსტრირებულ დოკუმენტში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც ონლაინ (ქართულ და ინგლისურ ენაზე), ასევე – ადგილზე, პროექტის საინფორმაციო ცენტრში. პროექტის ექსპერტები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, მოაწყონ შეხვედრები, თუკი ამ თემებიდან რომელიმეზე გაჩნდება კითხვები.
სპეციფიკური მენეჯმენტის გეგმების შეჯამების დოკუმენტი მოიცავს გამარტივებულ ტექნიკურ ინფორმაციას და გამოქვეყნდება 2022 წლის იანვარში.