კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქვეშეთი-კობის გზის პროექტის საინფორმაციო გვერდზე! აღნიშნული ყოველკვარტლური ბიულეტენი მიზნად ისახავს დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას პროექტის ბოლო სიახლეების, რესურსებისა და განცხადებების შესახებ. საინფორმაციო ბიულეტენი შედგენილია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე საქართველოს გზების დეპარტამენტის მიერ. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ ეს ვიდეო ან გაეცნოთ პროექტის საჯარო დოკუმენტაციას და ხშირად დასმულ შეკითხვებს.
გვირაბის საბურღი დანადგარის (TBM) აწყობის სამუშაოები საბოლოო ფაზაშია. წინა კვარტალში მისი სატესტო ჩართვა წარმატებით განხორციელდა. დანადგარი განთავსებულია სოფელ კობთან ახლოს. სწორედ აქედან დაიწყება გვირაბის ბურღვის სამუშაოები. TBM მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური გვირაბგამყვანი მანქანაა, რომელიც დამზადდა სპეციალურად ქვეშეთი-კობის პროექტის ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის მქონე გვირაბის გასაჭრელად. დანადგარი, გვირაბის გათხრის პარალელურად, მის ბეტონით მოპირკეთებასაც უზრუნველყოფს, რაც მნიშვნელოვნად ასწრაფებს გვირაბის მშენებლობის პროცესს და ზრდის უსაფრთხოების სტანდარტს. TBM-ის გამოყენების დროს ვიბრაცია მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამშენებლო პროცესს და გარემოზე ნაკლებ ზემოქმედებას.
15 მ დიამეტრის მქონე მანქანა ფოთში იანვრის ბოლოს, რამდენიმე ნაწილად, 190 კონტეინერში გადანაწილებული შემოვიდა. მისი ნაწილების გადაზიდვა ქვეშეთი-კობის საპროექტო ზონამდე მაისში, კობი-გუდაურის მონაკვეთზე ჩაკეტილი გზის გახსნისთანავე დაიწყო. დანიშნულების ადგილამდე TBM-ის უსაფრთხო გადაადგილება მაღალკვალიფიციურიმა პერსონალმა უზრუნველყო. დანადგარის ნაწილების ტრანსპორტირება ღამის საათებში მიმდინარეობდა.
„ამ უნიკალური გვირაბის ასაშენებლად, TBM-ის ძირითადი ნაწილები ფოთში იანვრის თვეში გემით შემოვიდა.“ – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ. „მიუხედავად ამ გამოწვევებით სავსე ტრანსპორტირებისა, მაქსიმალურად იქნა გამოყენებული ყველა შესაძლო მეთოდი და TBM-ის კონსტრუქციული ნაწილი, შესაძლოა ითქვას, უკვე აწყობილია.“
ქვეშეთი-კობის ახალი გზის მთავარი გვირაბის გაყვანაზე კომპანია China Railway Tunnel Group (CRTG) მუშაობს. CRTG მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინჟინრო საწარმოა, რომელიც გვირაბების მშენებლობასა და საბურღი დანადგარების დამზადებაშია სპეციალიზებული. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით არაერთ პროექტს ახორციელებს და წარმატებით აქვს გაყვანილი 600-მდე ავტომაგისტრალის გვირაბი. CRTG-ს აქვს გვირაბგამყვან დანადგარებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, რაც მოიცავს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე გამოყენებულ, სრული სპექტრის TBM-ებს.
ხადის ხეობის კულტურულ-ისტორიული სარეკომენდაციო გეგმის შესამუშავებლად კომპანია 8 სექტემბერს შეირჩა. კომპანია გეოგრაფიკი, რომელიც საქართველოში რუკების შედგენასა და ურბანულ დაგეგმარებას უზრუნველყოფს, გეგმის მოსამზადებლად აზიის განვითარების ბანკის (ADB–ის) მიერ იქნა შერჩეული. დასრულებული, მულტიდისციპლინარულ მიდგომაზე დაფუძნებული სამეცნიერო კვლევითი დოკუმენტი 2022 წლის თებერვლის თვეში უნდა ჩაბარდეს.
სწორედ კომპანია გეოგრაფიკი განახორციელებს ტერიტორიის დეტალურ შეფასებას კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით და შეიმუშავებს რეკომენდაციებს საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. მიღებული გეგმა უზრუნველყოფს ხადის ხეობის განვითარების გეგმის მოსამზადებლად საჭირო ინფორმაციას და უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომლებიც პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში იქნა გამოვლენილი. ეს კი შეამცირებს გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ნეგატიური ზემოქმედებებისა და მოვლენების უკონტროლო განვითარების პოტენციალს.
გეგმას პროექტის ფარგლებში მომზადებული, კულტურული მემკვიდრეობის შეფასების ანგარიშები და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს (NACHP) მონაცემები ედება საფუძვლად.
10 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით გაიმართა საზეიმო ღონისძიება და დაიწყო ქვეშეთი-კობის გზის პროექტის 9 კმ-იანი გვირაბის საბურღი სამუშაოები. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და აზიის განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორო შეინ როზენთალი.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პროექტის ეკონომიკურ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ახალი გზა შექმნის ახალ შესაძლებლობებს ხადის ხეობაში და გააუმჯობესებს საქართველოს გავლით ტვირთების გადაადგილებას.
დავით ლომიტაშვილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილეა. ამავე დროს, ის არის პროფესორი ვინჩესტერის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე, დაცვაზე, კვლევასა და პოპულარიზაციაზეა პასუხისმგებელი.
რა როლს თამაშობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქვეშეთი-კობის გზის პროექტის ფარგლებში?
დაახლოებით 18 თვის წინ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან დაიწყო მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე – ხადის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის კვლევაზე. პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. პირველი ეტაპი ორიენტირებული იყო კულტურული მემკვიდრეობის ერთეულების კვლევასა და შესწავლაზე. ეს იყო მასობრივი პროექტი, რომელშიც ჩართული იყო სააგენტოს 70-მდე თანამშრომელი, მათ შორის იურისტები. შედეგად, ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობა ახლა სათანადოდაა დაცული და საფრთხე არც ერთ მათგანს არ ემუქრება.
რა სახის სამუშაოები ჩაატარა სააგენტომ ამ ეტაპისთვის?
კანონისა და არქეოლოგიის პრინციპების შესაბამისად, ჯერ უნდა შევისწავლოთ ტერიტორია და შემდეგ, შერჩეულ ადგილებზე იწყება არქეოლოგიური სამუშაოები. იგულისხმება ობიექტების სრული ფოტო და გრაფიკული დოკუმენტაცია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და გზების დეპარტამენტის თანამშრომლები, მათ შორის მეც, რამდენჯერმე ვიმყოფებოდით პროექტის მთელს ტერიტორიაზე. მოვინახულეთ მიუწვდომელი, მიუვალი ადგილები და ის ადგილებიც, რომლებიც ყველაზე მეტად შეიცავს რისკს. ამის შემდეგ, მოვნიშნეთ 9 ადგილი, სადაც მოგვიანებით არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა. ამას მოჰყვა არქეოლოგიური მასალების სპეციფიკური ლაბორატორიული დამუშავება მუზეუმში გამოფენამდე. ასევე, ჩვენ მოვამზადეთ ორი ანგარიში – ჯერ ტექნიკური და შემდეგ უფრო ვრცელი. ეს არის სრული სამეცნიერო ანგარიში, რომელიც პასუხობს ყველა კითხვას ქრონოლოგიის, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისა და ძეგლების შესახებ.
ამ 9 ადგილას ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შემდეგ, უკვე ნათელი გახდა, რა მიდგომები უნდა გვქონოდა სარისკო ადგილებთან დაკავშირებით. შევიმუშავეთ რეკომენდაციები ოთხ ძეგლთან დაკავშირებით და შევიტანეთ შესწორებები პროექტში. ეს იყო ძალიან დინამიური პროცესი. სააგენტო გზების დეპარტამენტთან ერთად, დღე და ღამე მუშაობდა, რომ ეპოვა სწორი გადაწყვეტები. ჩვენ შევძელით და სრულად დავიცავით კულტურული მემკვიდრეობა ისე, რომ პროექტის განხორციელებას ხელი არ შეეშლება. ქვეშეთი-კობის გზის ეს მონაკვეთი სრულად დაცულია 21-ე საუკუნის სტანდარტებით.
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნები, რაც განხორციელებული სამუშაოების შედეგად გამოიტანეთ?
კვლევების შედეგად, მივიღეთ ძალიან საინტერესო ცნობები ქრონოლოგიის მიმართულებით. ცხრა ლოკაციაზე ყველაზე ადრეული არტეფაქტები გვიანდელი ბრინჯაოს ხანისაა, რაც ჩემთვის, როგორც არქეოლოგისთვის, საკმაოდ მოულოდნელი იყო. ეს ყველაფერი თანდათან ხდება თვალსაჩინო კულტურულ ფენებში, როდესაც ადგილი იჭრება. უძრავი კულტურული მემკვიდრეობა, როგორიცაა ციხეები და სხვა ძეგლები, მხოლოდ გვიანდელი შუა საუკუნეებიდან არის. გვიანი ბრინჯაოს ხანის ტერიტორია არ არის დიდი, თუმცა მაინც ცალსახაა, რომ ნასახლარია. ეს ადგილები ახლა, შეიძლება ითქვას, “სტერილურია”. ეს ნიშნავს, რომ ტერიტორია საფუძვლიანად შევისწავლეთ. კანონისა და არქეოლოგიის წესების თანახმად, მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიკვლევთ ადგილს, რაიმე არტეფაქტის პოვნის შემთხვევაში, ობიექტები მიგვაქვს გზის სამუშაოების გაგრძელებამდე. ცხადია, ეს არ ეხება იმ ადგილებს, რომლებზეც უძრავი ობიექტებია. მაგალითად, ტერიტორიები, სადაც ძეგლები აღმართულია მიწის ზემოთ. როგორც კი გამოქვეყნდება ვრცელი ანგარიში, საზოგადოებას მიეწოდება მეტი ინფორმაცია.
რა არის შემდეგი ნაბიჯები?
ამ პროექტის ფარგლებში ძალიან ნაყოფიერად ვითანამშრომლეთ გზების დეპარტამენტთან. ამ ეტაპზე განვიხილავთ სააგენტოს ფარგლებში მობილური ჯგუფების შექმნას, რომლებიც იმუშავებენ გზების დეპარტამენტთან სხვა დაგეგმილ პროექტებზე, რათა უზრუნველყონ კულტურული მემკვიდრეობის სათანადო დაცვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს. ხადის ხეობის კვლევის შედეგად, ჩვენ აღმოვაჩინეთ ბევრი საინტერესო რამ. მაგალითად, ჩავუტარებთ რეაბილიტაციას ხადის ხეობის ტიპიურ კოშკს, სახელწოდებით „უკანა“ კოშკი. წარმომიდგენია, რამდენი ადამიანი გააჩერებს მანქანას, რომ მოინახულონ საოცარი კულტურა, რომელიც ხადის ხეობის ხალხმა შექმნა. და ეს კოშკი არ არის ერთადერთი აღმოჩენა. ადგილზეა კულტურული მემკვიდრეობის 213 ობიექტი, რომელთაგან ზოგიერთი მიიღებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს და მათ მოვლაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს.
თუ გზის სამუშაოების დროს აღმოჩენილია კულტურული მემკვიდრეობის რაიმე ნიშანი, კანონი ავალდებულებს სამშენებლო კომპანიას, შეწყვიტოს მუშაობა. ამ ადგილას მყისიერად იწყებს მუშაობას სააგენტო. მე ვფიქრობ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და გზების დეპარტამენტის თანამშრომლობით ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება. ერთის მხრივ ჩვენ გვექნება შესანიშნავი საგზაო ინფრასტრუქტურა, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენ ვიზრუნებთ და დავიცავთ კულტურულ მემკვიდრეობას.
პანდემიის მიუხედავად, ბოლო სამი თვის განმავლობაში, აქტიურად გრძელდებოდა სამშენებლო სამუშაოები პირველ ლოტზე, ყველა კოვიდ რეგულაციის დაცვით, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული პროექტზე დასაქმებულებისა და ადგილობრივი თემების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
ამ ეტაპზე, TBM ამოქმედებულია და დაწყებულია გვირაბის ბურღვა ჩრდილოეთ პორტალზე, სოფელ კობში. გარდა ამისა, გვირაბის ბურღვის პარალელურად, მიმდინარეოდა საევაკუაციო გვირაბის ექსკავაცია და დამხმარე სამუშაოები. ამჟამად, საევაკუაციო გვირაბში განხორციელებული სამუშაოები 2კმ-ს აღწევს.
ჰაერის ხარისხსა და ხმაურის დონეზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის, გარდა ჩრდილოეთ პორტალთან, მდინარის ნაპირთან განთავსებულ სანაყაროზე გვირაბიდან გამოტანილი ფუჭი ქანების რაოდენობის ზრდისა, სოფელ კობის მახლობლად. სამხრეთ პორტალზე, სოფელ წკერეს მახლობლად, მიმდინარე სამუშაოები ზეგავლენას მოახდენს ჰაერის ხარისხზე, ვიბრაციასა და ხმაურზე, რადგან 2021 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება საევაკუაციო გვირაბის გათხრისა და დამხმარე სამუშაოები.
მეორე ლოტზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა ბოლო სამი თვის განმავლობაში. ქვეშეთის მახლობლად, 0.7 კმ -ზე მიწისქვეშა გადასასვლელის კონსტრუქციული სამუშაოები თითქმის დასრულებულია. სოფელ არახვეთთან, მდინარე არაგვზე გრძელდება ხიდის სამშენებლო სამუშაოები. დასრულდა ფერდის გამაგრების სამუშაოები გვირაბის შესავლელ (სოფელ არახვეთთან) და გასასვლელ პორტალებზე (დიდველის პლატოსთან). გაბურღვითი სამუშაოები გრძელდება ერთდროულად შესასვლელი და გასასვლელი პორტალებიდან. სოფელი ქვეშეთის შემოვლითი საავტომობილო გზის ყრილის სამუშაოები დაიწყო მდინარის თანპირთან.
დამატებითი ხმაური იქნება მიწის სამუშაოების წარმოებისას – გვირაბების ბურღვისას და ხიმინჯების მოწყობისას სოფელ ქვეშეთთან და არახვეთთან. შესაბამისად, სამუშაო საათები გადანაწილდება იმგვარად, რომ მოსახლეობა არ შეწუხდეს.
ქვეშეთსა და არახვეთს შორის 2.2 კმ-ზე, საყრდენი კედლის კონსტრუქციის სამუშაოების გამო, დაგეგმილია გზის დროებითი გადართვა.
მესამე გვირაბის გასასვლელი პორტალის ფერდობების გამაგრების სამუშაოები უკვე დაწყებულია. ასევე, დაგეგმილია მესამე გვირაბის გასასვლელი პორტალიდან ბურღვის სამუშაოების დაწყება. გვირაბი მდებარეობს სოფელ სვიანი-როსტიანთან. ხმაური და ნეგატიური ზემოქმედება ჰაერის ხარისხზე შემცირებული იქნება სამუშაო საათების დაბალანსებით. ასევე, მშრალ სეზონზე ტერიტორია აქტიურად მოირწყვება.
მიმდინარე კვარტალში, პროექტის ფარგლებში დასაქმდა კიდევ უფრო მეტი, სულ 255-მდე (240 მამაკაცი და 15 ქალი) ქართველი. სულ, პროექტზე დასაქმებულთა დაახლოებით 26 % (175 ადამიანი) პროექტის ტერიტორიიდან არის დაქირავებული. კერძოდ, პირველ ლოტზე სამუშაოდ დაქირავებულია 125 (116 მამაკაცი და 9 ქალი) ადგილობრივი, ხოლო მეორე ლოტზე – 50 (42 მამაკაცი და 8 ქალი) ადგილობრივი მუშა-ხელი.
პროექტი აგრძელებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის პირდაპირი დასაქმების შესაძლებლობების შექმნას სხვადასხვა პოზიციებზე. დასაქმებისას უპირატესობა ენიჭებათ კანდიდატებს პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული თემებიდან.
ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებს ეცნობა ჯგუფური შეხვედრებისა და საპროექტო ზონასთან მახლობელ თემებში განცხადებების გავრცელების გზით. ვაკანსიები ასევე ქვეყნდება პროექტის Facebook გვერდსა და ვებსაიტზე. სექტემბრის თვეში სულ გამოცხადდა 35 ვაკანტური ადგილი, მათ შორის, 30 არაკვალიფიციური მუშახელისა და 5 შემდუღებლის პოზიციაზე. პროექტზე დასაქმებულებს პერიოდულად უტარდებათ სწავლება, მათ შორის, შრომის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, ნარჩენების მართვის, ხანძრის ჩაქრობის, პირველადი დახმარების გაწევისა და სხვა ტრეინინგები. აღნიშნული სწავლება მიზნად ისახავს ადგილობრივი თანამშრომლების უნარ-ჩვევების დონის ამაღლებას საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისთვის.
პროექტი ასევე, ქმნის არაპირდაპირ სამუშაოებსა და შესაძლებლობებს მომმარაგებლებისთვის. პროექტში ჩართულია რამდენიმე ბიზნესი, მომწოდებელი და სერვისის მომწოდებელი კომპანია, რაც სარგებლის მომტანია ადგილობრივი და რეგიონული დასაქმებისთვის.
ქვეშეთში, არსებული გზის გასწვრივ, აშენდა და დამონტაჟდა საინფორმაციო ჯიხური. ჯიხური პროექტის საზოგადოებასთან კავშირის ოფიცრის მიერ არის დაკომპლექტებული და ფლობს ინფორმაციის ფიზიკურ და ციფრულ ასლებს, რათა პროექტის ზეგავლენის ქვეშ მყოფმა ადგილობრივებმა შეძლონ მეტი ინფორმაციის მიღება პროექტის შესახებ.