საინფორმაციო ბიულეტენი #4 (ივნისი, 2022) - My WordPress Website

#4 | 2022 წლის ივნისი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქვეშეთი-კობის გზის პროექტის საინფორმაციო გვერდზე! აღნიშნული ყოველკვარტლური ბიულეტენი მიზნად ისახავს დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას პროექტის ბოლო სიახლეების, რესურსებისა და განცხადებების შესახებ. საინფორმაციო ბიულეტენი შედგენილია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე საქართველოს გზების დეპარტამენტის მიერ. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ ეს ვიდეო ან გაეცნოთ პროექტის საჯარო დოკუმენტაციას და ხშირად დასმულ შეკითხვებს.

მთავარი ამბავი

შემუშავდა ხადის ხეობის კულტურულ-ისტორიული საყრდენი გეგმა

კომპანია „გეოგრაფიკმა“ ხადის ხეობისთვის კულტურულ-ისტორიული საყრდენი გეგმა შეიმუშავა, რომელსაც პროექტის ფარგლებში მომზადებული, კულტურული მემკვიდრეობის შეფასების ანგარიშები და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს (NACHP) მონაცემები დაედო საფუძვლად.

თავდაპირველად შემუშავდა ისტორიულ-კულტურული გეგმის პროექტის ადაპტირებული მოდელი და განხორციელდა საბოლოო შედეგების წინასწარი მაკეტირება. გეგმა, თავის მხრივ,  გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში გამოვლენილ გამოწვევებს პასუხობს, რაც შეამცირებს გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ნეგატიური ზემოქმედებისა და მოვლენების არასასურველი განვითარების პოტენციალს.

ხადის ხეობის კულტურულ-ისტორიული საყრდენი გეგმის განმახორციელებელი კომპანია აზიის განვითარების ბანკის (ADB–ის) მიერ 2021 წლის სექტემბერში შეირჩა, როდესაც არჩევანი კომპანია „გეოგრაფიკზე“ შეჩერდა. “გეოგრაფიკი“ ადგილობრივი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობა, არქიტექტურა, ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა. კომპანია ურბანული დაგეგმარებისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის მიმართულებით საქართველოში 2002 წლიდან მუშაობს.

სწორედ „გეოგრაფიკისა“ და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ექსპერტების  ჩართულობით განხორციელდა ტერიტორიის დეტალური შეფასება, რის შემდეგაც შემუშავდა სპეციალური რეკომენდაციები გზის მშენებლობის ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად. უნდა აღინიშნოს, რომ საყრდენი გეგმის მომზადებისას არაერთი საველე-საინვენტარიზაციო სამუშაო განხორციელდა. უფრო კონკრეტულად კი საკვლევ არეალს მოიცავდა 15 სოფელი და 10 ნასოფლარი 1130 საკვლევი ობიექტით.

გეგმაზე მუშაობის შედეგად განისაზღვრა ისტორიული ლანდშაფტის, არქეოლოგიური, ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონები და განაშენიანების რეგულირების ზონა.  საბოლოოდ, შემუშავდა დარგობრივი და კომპლექსური რეკომენდაციები, რაც აისახა დასკვნით დოკუმენტში.

კულტურულ-ისტორიულ საყრდენ გეგმაში ასევე წარმოდგენილია საერთო რეკომენდაციები დამატებითი დამხმარე სამეურნეო დროებითი ნაგებობების, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების, ნასახლარების საძირკვლებზე ახალი შენობა-ნაგებობების, საინჟინრო ინფრასტრუქტურის გაყვანისა  და არქეოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებით.

უნდა აღინიშნოს, რომ საყრდენი გეგმის შემუშავების თითოეული ეტაპი მიმდინარეობდა  დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების ფონზე.

ხადის ხეობისთვის კულტურულ-ისტორიული საყრდენი გეგმის პრეზენტაციის სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ პროექტის ვებგვერდის www.kveshetikobiroad.ge საჯარო ინფორმაციის განყოფილებას.

სიახლე

გუდაურამდე მისასვლელ გზასთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციები გაიმართა

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის გუნდი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. საჯარო კონსულტაციის მთავარი თემა პროექტის ფარგლებში გუდაურამდე მისასვლელი გზის პროექტი იყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეებს დაგეგმილ აქტივობებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, განსაკუთრებით კი იმ პირებს, ვინც მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებით პროექტის ზემოქმედების ქვეშ ექცევიან.

შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად განემარტათ წინასამშენებლო პროცედურები და მშენებლობის უსაფრთხოების საკითხები. ასევე, ისაუბრეს გარემოსდაცვით ზემოქმედებაზე,  შემარბილებელ ღონისძიებებსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე.

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეების ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხეს. კითხვები, უმეტესად, გზის კეთილმოწყობას, კულტურულ მემკვიდრეობას, განსახლების საკითხებს და სამშენებლო პროცესის უსაფრთხოებას ეხებოდა.

პროექტის ფარგლებში, აშენდება 5 კმ-იანი გუდაურამდე მისასვლელი გზა და ტურისტული ცენტრი, რაც მეტად კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის გადაადგილებას, გამარტივდება კურორტში სტუმრობა,  საკუროორტო ინფრასტრუქტურის გამოყენება და ხელს შეუწყბს სხვა სოფლების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლაში საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა

ქვეშეთის სკოლაში, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებსა და დირექციასთან, გარემოსდაცვით ორგანიზაცია „ეკოხედვის“ ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა.

სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, „ეკოხედვის“ სპიკერებთან ერთად, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის სპიკერი იმედა დვალიძეც გაესაუბრა და პროექტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა.

„ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის მნიშვნელობა, გადაჭარბების გარეშე, ძალიან დიდია ქვეყნისთვისაც და რეგიონისთვისაც. ამ პროექტში, სხვა საკითხებთან ერთად, გარემოსდაცვითი მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტულია. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ პროექტის ფარგლებში განხორციელდა აქტივობები ამ მიმართულებით, „ეკოხედვასთან“ თანამშრომლობით. შეხვედრაზე ბავშვებს მივაწოდეთ ინფორმაცია ქვეშეთი-კობის ახალი გზის შესახებ. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას, უჩენს დამატებით ინტერესებს და აქტივობის სურვილს. სწორედ ამიტომ, ასეთი საგანმანათლებლო პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია,“ – აცხადებს პროექტის სპიკერი იმედა დვალიძე.

„ამ პროექტში ჩართული იყო ქვეშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების უმეტესი ნაწილი. ჩატარდა  ნახატების კონკურსი, ექსკურსიები და ტრენინგები. გარდა ამისა, სკოლაში ჩამოყალიბდა ეკოკლუბიც, რომელშიც 30-მდე ბავშვი გაწევრიანდა. ძალიან აქტიურები არიან და სკოლის შიგნით უამრავი ღონისძიება დაგეგმეს. ასეთი საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტები მნიშვნელოვანი და აუცილებელია მოსახლეობის სწორი ინფორმირებისთვის, მიმდინარე პროექტებისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ,“ – აცხადებს „ეკოხედვის“ აღმასრულებელი დირექტორი გეგი სოფაძე.

საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროექტის მთავარი მიზანია ხადის ხეობის მოსახლეობის სწორი ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ინფრასტრუქტურულ და გარემოსდაცვით საკითხებზე. ჯამში, პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლის უფროსკლასელებს 5 ლექცია ჩაუტარდათ.

საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლაში ჩამოყალიბდა ეკოკლუბი, რომლის წევრებიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა აქტივობაში – ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, კონკურსები და ა.შ.

პროექტის დასასრულს, ქვეშეთის საჯარო სკოლაში გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება ღია ცის ქვეშ – ნახატების გამოფენა, პროექტის ფარგლებში შემუშავებული რესურსების წარდგენა და პროექტის შეფასება.

ქვეშეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები ეკოკლუბის შექმნის და აქტივობების მნიშნვნელობის შესახებ.

მარინა ქარუმიძე – ქვეშეთის სკოლის დირექტორი

ჩვენი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ეკოკლუბის საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულები, ძალიან მონდომებითა და ინტერესით მუშაობენ ყველა პროექტზე. ფაქტია, რომ მათი მოტივაცია გაიზარდა. ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა აქვს, ბავშვმა გარემოსდაცვით საკითხებზე ფიქრი და საუბარი პატარა ასაკიდან დაიწყოს. თუ ამ ასაკიდან არ ისწავლეს, ზრდასრულები მითუმეტეს ვეღარ გაითავისებენ პრობლემებს. ეკოკლუბის არსებობით ინტერესი გაუღვივდათ, მიიღეს გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენს ეზოსაც კი თავად ასუფთავებენ. მათ უკვე კარგად ესმით, რომ გარემო თუ არ დავიცავით, ის მავნებლობა, რასაც ჩავიდენთ ბუნების მიმართ, აუცილებლად უკან მოგვიბრუნდება.

ჯენი ბუჩუკური – ეკოკლუბის ხელმძღვანელი, ქვეშეთის სკოლის ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგი

ეკოკლუბით ბავშვებმა სკოლის გარეთ საქმიანობა ისწავლეს და ეს მათი გამოცდილებისთვის უმნიშვნელოვანესია. გადაინაწილეს ფუნქციები, აირჩიეს პრეზიდენტი, რომელიც თავისი საქმიანობით აღფრთოვანებულია და ბევრი რამ ისწავლა. იღებენ მონაწილეობას ჯგუფების მართვაში, ღონისძიებების დაგეგმვაში.

ჩვენ ეკოკლუბში შევქმენით ქვეგანყოფილებები ნარჩენების მართვის, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სხვა მიმართულებებით. ამ ჯგუფებს თავიანთი ხელმძღვანელები ჰყავთ და ფუნქციებიც გადანაწილებულია. გვაქვს სამუშაო გეგმა, რომელსაც ბავშვები მიჰყვებიან. გარდა ამისა, აქტიურად ერთვებიან საინფორმაციო შეხვედრებსა და საინტერესო აქტივობებში, რომლებიც ეკოკლუბის ფარგლებში იგეგმება ხოლმე.

გამოვაცხადეთ კონკურსი თემაზე, როგორი იქნება ხადა, როდესაც ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტი დასრულდება. თავიდან დაგეგმილი გვქონდა პერსონალური ნახატების გამოფენა, თუმცა, თავად ბავშვებმა მოიფიქრეს, რომ თითოეულმა კლასმა მაკეტი წარმოადგინოს კლასის სახელით. ეს მათ ინტერესსა და აქტიური მუშაობის სურვილზე მეტყველებს.

ასევე,  გვქონდა გასვლითი გაკვეთილი, დავათვალიერეთ სამშენებლო პროცესის ნაწილი და დაემთხვა, რომ იმ პერიოდში არქეოლოგიურ გათხრებსაც ატარებდნენ, რათა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები აღერიცხათ და დაეცვათ. ასე რომ, ეს საინტერესო პროცესიც იხილეს.

ხადის ხეობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდა

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერისა და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში, ხადის ხეობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდა.

9 ივნისს, ხადის ხეობას კლინიკა „რემედიქალის“ სხვადასხვა პროფილის ექიმები ეწვივნენ და მთელი დღის განმავლობაში, ქვეშეთის ამბულატორიულ ცენტრში მსურველებს კონსულტაციას უწევდნენ. უფასო კონსულტაციები ჩაატარეს შემდეგი პროფილის ექიმებმა: ტრიაჟის ექიმი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, ზოგადი ქირურგი, სისხლძარღვთა ქირურგი, ექიმი-ექოსკოპისტი.

ქვეშეთის ამბოლატორიული ცენტრი მომარაგებული იყო სხვადასხვა მედიკამენტითაც, რომლებიც, საჭიროების მიხედვით გადაეცათ ადგილობრივებს.

“საქართველოს რეგიონების მოსახლეობის უფასო გასინჯვას ლოზუნგით – “ერთად ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე!” – რეგულარულად აწარმოებს კლინიკა “რემედიქალი”. მათი სამედიცინო საჭიროებების გაცნობა და ადგილზე მაქსიმალური დახმარების გაწევა მნიშვნელოვანია ჩვენი საექიმო გუნდის ყველა წევრისთვის,” – ამბობს კლინიკა “რემედიქალის” კლინიკური მენეჯერი, მედიცინის დოქტორი თეა გამეზარდაშვილი.

ჯამში აქციაში მონაწილეობა 70-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო. ბენეფიციარები გამოვლინდნენ წინასწარი კვლევით, რომელიც ხადის ხეობაში „რეგიონული განვითარების ახალგაზრდულმა ცენტრმა“ ჩაატარა.

„ხადის ხეობაში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაცია/შემოწმებას, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში უკვე მეორედ ვატარებთ. მნიშვნელოვანია, ადგილობრივ მოსახლეობას მსგავსი ტიპის მომსახურება მივაწოდოთ, რადგან, გზის არარსებობის გამო, ხადის ხეობის მკვიდრთა უმეტეს ნაწილს არ აქვს წვდომა სოციალურ სერვისებზე, მათ შორის, მაგალითად, სამედიცინო სერვისზე. ქვეშეთი-კობის ახალი გზა, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, ამ საკითხსაც სრულად მოაგვარებს. მანამდე კი, პროექტის მიმდინარეობისას, ვეცდებით, მსგავსი აქციებით დავეხმაროთ აქ მცხოვრებ ადამიანებს,“ – განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე წურწუმიამ.

აღნიშნული აქცია პენსიონერების მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უშუალო ჩართულობით განხორციელდა.

საჯარო კონსულტაციები ადგილობრივ მოსახლეობასთან

9 ივნისს, ქვეშეთი-კობის გზის პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, დონორი ორგანიზაციებისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები სოფელ ბენიან-ბეგონისა და ზაქათკარის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი პროექტის მიმდინარეობისას წარმოშობილი სოციალური საკითხების განხილვა იყო. ღონისძიებას პროექტის უშუალო ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები ესწრებოდნენ.

საჯარო განხილვაზე, უმეტესად, ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სოფელში არსებული სახლების წინასამშენებლო კვლევა, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დაზიანება, სამუშაოების შედეგად გამოწვეული ხმაური და მტვერი, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, საჯარო რეესტრში მიმდინარე სარეგისტრაციო პროცესი და ა.შ.

შეხვედრის მონაწილეებმა გზების დეპარტამენტის, დონორი ორგანიზაციებისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს დაუსვეს კითხვები, რომლებზეც სრულყოფილი პასუხი მიიღეს და მათთან ერთად პრობლემების გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს.

ქვეშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების უსაფრთხოების საკითხზე ტრენინგი ჩაუტარდათ

10 ივნისს, ქვეშეთი-კობის გზის პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ინჟინრის და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებმა ქვეშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარეს. აღნიშნული სკოლის მოსწავლეები, ძირითადად, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ სოფლებში მცხოვრები ბავშვები არიან.

ზაფხულის მოსახლოებასთან ერთად, სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავიდა, ხოლო სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვებს მეტი თავისუფალი დრო აქვთ. ბუნებრივია, რომ ისინი მეტ ინტერესს გამოიჩენენ მიმდინარე მშენებლობის მიმართ და არსებობს მათი სამშენებლო მოედანზე შეღწევის და დაზიანების რისკები. აღნიშნული რისკების აღმოსაფხვრელად, კონტრაქტორ კომპანიას მიღებული აქვს შესაბამისი ზომები. სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის მიზანი იყო მათი ცნობიერების ამაღლება სამშენებლო არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით და მათთვის ამ ღონისძიებების გაცნობა.

ბავშვებისთვის სპეციალურად მომზადდა მათი ასაკის შესაბამისი პრეზენტაცია, რომელშიც შედიოდა:

– სამშენებლო მოედანთან დაკავშირებული საფრთხეების აღწერა და ამ საფრთხეების თავიდან ასარიდებელი რეკომენდაციები.

– უსაფრთხოების ნიშნების მნიშვნელობა და გარჩევა ფერების მიხედვით.

– საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეკომენდაციები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს წარმოდგენილი მასალის ირგვლივ შეკითხვები დაუსვეს. სწორი პასუხის ავტორებს კი საჩუქრად ჩაფხუტები და ამრეკლი ჟილეტები გადაეცათ.

ინტერვიუ

გამოქვეყნდა ხადის ხეობის განაშენიანების წინასწარი ხედვა - ინტერვიუ კამელ ბუმადთან (აზიის განვითარების ბანკის მისიის დირექტორის მოადგილე)

რა არის განაშენიანების გეგმის მთავარი მიზანი?

გეგმის მთავარი მიზანია ხეობაში შეიქმნას სიცოცხლისუნარიანი გარემო, რომელიც დაფუძნებული იქნება ხეობის ისტორიასა და კულტურაზე და შენარჩუნდება მთავარი ღირებულებები. განაშენიანების გეგმა მუშავდება ისტორიულ-კულტურული გეგმის საფუძველზე და ეყრდნობა სწორედ მის მთავარ მოთხოვნებს. აღნიშნული დოკუმენტი ორიენტირებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის სარგებლის მოტანაზე. ამჟამად შემუშავებულია განაშენიანების გეგმის წინასწარი ხედვა და მისი ნახვა შესაძლებელია ყველასთვის.

 

რა ასპექტებს მოიცავს განაშენიანების გეგმის წინასწარი ხედვა?

გეგმა ეხება სამ ძირითად ასპექტს – პირველი არის ფოკუსირებული მოსახლეობასა და მათთვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს განვითარების საჭიროებაზე საინჟინრო, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებითა და ეკონომიკური აქტივობების გაჩენის გზით.

მეორე მიმართულება გულისხმობს არსებული კულტურული მემკვიდრეობის და სოფლებში შენობებისა და ავთენტური სტრუქტურის შენარჩუნებას, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვა-აღდგენას, ასევე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-გადაცემას.

მესამე მიმართულება ლანდშაფტზე ზრუნვას ეხება, რაც გულისხმობს ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას, არსებული ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას და გზის უარყოფითი გავლენის შემცირებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წამოწყება ხადის ხეობის განვითარების ცენტრის ჩამოყალიბებაა.

 

რა არის ხადის ხეობის განვითარების ცენტრი და რა სარგებელს მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა მისგან?

განვითარების ცენტრის ფუნქცია იქნება მეწარმეობის, ტურისტული სერვისების და უძრავი ქონების განვითარებაზე ზრუნვა. ცენტრი მცირე მეწარმეებს დაეხმარება ბიზნეს გეგმების დამუშავებაში, დაფინანსებისა და ბაზრების მოძიებაში სერვისისა თუ პროდუქტის რეალიზაციისთვის.

ცენტრი დაეხმარება მათ ტურისტული სერვისების განვითარებაში, რაშიც იგულისხმება ტუროპერატორების მოზიდვა, ტურისტული მომსახურების ხარისხის კონტროლი და მოსახლეობის გადამზადება ამ მიმართულებით.

ცენტრის კიდევ ერთი ფუნქცია იქნება ზრუნვა ახალი უძრავი ქონების შექმნაზე და მოსახლეობის დახმარება ბიზნეს გეგმების დამუშავებაში, ხელშეწყობა დაფინანსების მოძიებასა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში.

 

ვინ არიან ჩართულნი განაშენიანების გეგმის მომზადებაში?

ხადის ხეობის განაშენიანების გეგმის მომზადებაზე იმუშავა კომპანია არქიტექტურისა და ურბანული დიზაინის კომპანია „ბაუ დიზაინმა“. სწორედ „ბაუ დიზაინმა“ გაიმარჯვა 2021 წელს გამოცხადებულ ტენდერში. კომპანიას 10 წლიანი გამოცდილება აქვს ურბანულ დაგეგმარებაში საქართველოში და ჩართული იყო განაშენიანების არაერთი გეგმის მომზადებაში ქვეყნის მასშტაბით. სწორედ მათ შეიმუშავეს ხადის ხეობის განვითარების წინასწარი ხედვა.

პროექტის გუნდში, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, ჩართულები არიან საერთაშორისო ურბანული დაგეგმარების სპეციალისტები და ლანდშაფტის არქიტექტორები. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განაშენიანების გეგმა მუშავდება მოსახლეობასთან და დაინტერესებულ პირებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

 

რა ეტაპებს გადის განაშენიანების გეგმის მომზადება და როდის იქნება მზად საბოლოო დოკუმენტი?

ამ ეტაპზე, კონსულტანტების გუნდი შუალედურ ანგარიშს ამზადებს. საბოლოო დოკუმენტი 2023 წლის მეორე კვარტალში უნდა იყოს მზად.

სამუშაოების მიმდინარეობა

განახლება პირველ ლოტზე (წკერე-კობის მონაკვეთი)

აქტიურად მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის გზის შემადგენელი ყველაზე გრძელი, 9 კმ-იანი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები. ამ დროისთვის სპეციალურად პროექტისთვის დამზადებული გვირაბგამყვანი დანადგარით TBM-ით მთავარი გვირაბის  2 242 მეტრია გაბურღული. დანადგარი, ბურღვის პარალელურად, მოპირკეთების სამუშაოებსაც ახორციელებს. მთავარი გვირაბის პარალელურად, შენდება საევაკუაციო გვირაბი, რომლის 3 300 მეტრია გაბურღული.

განახლება მეორე ლოტზე (ქვეშეთი-წკერეს მონაკვეთი)

მე-2 ლოტზე, ქვეშეთი-წკერეს მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, N2 ხიდზე მიმდინარეობს ხიმინჯების და ბურჯების მოწყობა, N1 და N3 გვირაბებში მიმდინარეობს ბურღვა-აფეთქების სამუშაოები, მესამე ხიდზე მიმდინარეობს ექსკავაციის სამუშაოები, ხოლო მდინარე არაგვთან დასრულდა ერთი მილხიდის სამუშაო.
ასევე მოეწყო დროებითი მისასვლელი გზები. საპროექტო გზის სხვადასხვა მონაკვეთზე სრულდება საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები.

დასაქმების შესაძლებლობები

პროექტის ფარგლებში გრძელდება სხვადასხვა მიმართულების სამუშაო ადგილების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. პრიორიტეტი ენიჭებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც უშუალოდ პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.

ამ დროისთვის ორივე ლოტზე ჯამში 400-მდე საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული, რომელთაგან 200 უშუალოდ პროექტის განხორციელების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებია.

ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებს პერიოდული შეხვედრებისა და მოსახლეობაში განცხადებების გავრცელების მეშვეობით მიეწოდებათ. გარდა ამისა, აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება პროექტის ოფიციალურ Facebook გვერდსა და ვებ-გვერდზე.

დაგეგმილი აქტივობები

სოფელ წკერეში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების სამუშაოები ჩატარდება

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, მაგისტრალის მშენებლობის პარალელურად, ხეობაში არსებულ სოფლებში კეთილმოწყობის სხვადასხვა სამუშაოც ხორციელდება.

მშენებლობის პროცესში, სოფელ წკერეში დაიწყება საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება. სოფელი არ იყო უზრუნველყოფილი გამართული საკანალიზაციო სისტემით. სოფლის ნარჩენი წყლები, სადრენაჟე წყალთან ერთად, შუაში გამავალი არხის საშუალებით, პირდაპირი გზით ჩაედინებოდა მდინარე ხადისწყალში.

პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების თანახმად, აუცილებელი იყო ნარჩენი წყლების სათანადო მართვა და განკარგვა. შესაბამისად, კონტრაქტორი კომპანია ნარჩენ და სადრენაჟე წყლებს მოაქცევს გოფრირებულ მილში და დაუკავშირებს სოფლის ბოლოს აშენებულ სეპტიკურ ავზს. გარდა სეპტიკური ავზისა, დამატებით მოეწყობა 2 საკანალიზაციო ჭა, რომლებიც უზრუნველყოფს ნარჩენი წყლების ფილტრაციასა და გაწმენდას.

გარდა ამისა, წკერეს მოსახლეობამ, თხოვნით მიმართა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, დახმარებოდა საკანალიზაციო და სადრენაჟე წყლების განცალკევებაში და მოწყობილიყო სოფლის ცენტრალური  სადრენაჟე არხიც. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა დაწყებულია და დეტალური პროექტი მომზადების პროცესშია. პროექტი საჯაროდ განიხილება და შეთანხმდება სოფლის მოსახლეობასთან. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტერიტორია აღდგება და მოხდება მისი რეკულტივაციაც.

სასმელი წყლის სისტემის მოწყობა და სათავე წყალმიმღები ნაგებობის მშენებლობა სოფელ ბენიან-ბეგონში

ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობის პროცესში, ერთ-ერთი გვირაბის სამხრეთ პორტალთან მისასვლელად გამოიყენება სოფელ ბენიან-ბეგონის ადგილობრივი გზა. გზაზე ტექნიკის გადაადგილების შედეგად, დაზიანდა სოფლის წყლის მილები. კონტრაქტორმა მიიღო გადაწყვეტილება, მოეწყოს ახალი, უფრო დიდი დიამეტრის წყლის მილები, რაც გააუმჯობესებს წყლის მიწოდების ხარისხს. საერთო ჯამში, მოეწყობა 2 კმ სიგრძის 110მმ დიამეტრის წყლის მილი და 20-მდე განშტოება. შეთანხმების თანახმად, განშტოებებზე დაერთებას მოსახლეობა თავად უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, კონტრაქტორი კომპანია სოფელ წკერეს თავზე სასმელი წყლის მიმღებ ნაგებობასაც ააშენებს. ოქტომბრიდან დაიწყება 60 ტონიანი რკინა-ბეტონის წყლის ავზის მშენებლობა. აღნიშნული ნაგებობა მოემსახურება სოფელ წკერესა და ბენიან-ბეგონს. მოსახლეობის თანხმობით აღნიშნული წყლით ისარგებლებს კონტრაქტორის სამშენებლო ბანაკიც.

წყლის სისტემის მოწყობა სოფელ ბედონში

ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობის პროცესში, მძიმე ტექნიკის მოძრაობის შედეგად, დააზიანა წყლის მილები და გამოიწვია წყლის მიწოდების პრობლემა სოფელ ბედონში. სწორედ ამიტომ, განხორციელდება წყლის მიწოდების სისტემის რეაბილიტაცია და გაუმჯობესება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა 7კმ სიგრძის 76მმ დიამეტრის წყლის მილები და ორი წყალმიმღები ნაგებობა: 3.5 ტონიანი – წყლის სათავეში, ხოლო 100 ტონიანი სოფ. ბედონთან.

გარდა აღნიშნულისა, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ბიუჯეტიდან დააფინასოს სოფ. ბედონში წყლის მილების შიდა დაქსელვის სამუშაოები.

 

 

დამატებითი რესურსები

პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ პროექტის ოფიციალურ ვებსაიტს, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ საჯარო დოკუმენტაციას, ხშირად დასმულ შეკითხვებს და რუკას:
თუ გსურთ საჩივრის შევსება, გთხოვთ, გაეცნოთ ADB-ის საჩივრის განხილვის მექანიზმს აღნიშნულ მისამართზე: