ქვეშეთი-კობის გზის პროექტის მთლიანი ღირებულება 1.240 მილიარდი ლარია.
სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტი სრულად აკმაყოფილებს შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს.
ქვეშეთი-კობის გზის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
გვირაბების ჯამური სიგრძე 11.5 კმ-ია. მათგან ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 9 კმ-ს შეადგენს, დიამეტრი კი – 15 მეტრს. ამ მონაცემებით, ეს გვირაბი მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორის მოხვდება. აღნიშნული გვირაბი სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება. დანარჩენი გვირაბები შედარებით მცირე ზომის იქნება (1541 მ, 194 მ, 388 მ და 299 მ).
ხიდების ჯამური სიგრძე 1.6 კმ-ია. მათგან ერთი 426 მ სიგრძისა და 166 მ სიმაღლის თაღოვანი ხიდი იქნება, რომელიც ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციაა. მისი თაღის სიგრძე 285 მეტრია და, ამ ეტაპზე, საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. პროექტით, ასევე, გათვალისწინებულია 435 მ სიგრძის და შედარებით მცირე (322 მ, 218 მ, 148 მ და 42 მ) ხიდების მშენებლობაც.
მთავარი გზის ინფრასტრუქტურის კომპონენტების გარდა, პროექტის ფარგლებში შეიქმნება ვიზიტორთა ცენტრი. ეს ობიექტი საპროექტო ზონაში აგრობიზნესის, კონსერვაციის, ეკოტურიზმის განვითარების და თემის მდგრადი განვითარების პოტენციური ცენტრის როლს შეასრულებს. ვიზიტორების ცენტრი წარმოადგენს პროექტის კომპონენტს, რომლის მეშვეობით, ხადის ხეობის მოსახლეობა მიიღებს პირდაპირ სარგებელს პროექტიდან.
ქვეშეთი-კობის გზის პროექტი სარგებელს მოუტანს როგორც სახელმწიფოს, ისე – ადგილობრივ მოსახლეობას.
ქვეშეთი-კობის გზა ადგილობრივ მოსახლეობას მოუტანს ეკონომიკურ სარგებელს ვაჭრობის გაზრდისა და სხვადასხვა მიმართულების ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.
გარდა ეკონომიკური სარგებლისა, პროექტის განხორციელების შედეგად, ხელმისაწვდომი იქნება სოციალური სერვისებიც. ახალი გზის არეალში მოხვდება 10 სოფელი: ქვეშეთი, არახვეთი, ზაქათკარი, ბენიანი, ბეგონი, სვიანა, როსტიანი, მუღურე, წკერე და კობი. ამ სოფლების მცხოვრებლები წელიწადში თითქმის 100 დღის განმავლობაში მოწყვეტილი არიან გარე სამყაროს.
იმისათვის, რომ გზის მშენებლობისას, თავიდან იქნეს აცილებული რაიმე სახის გავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე, გარემოზე და ხეობაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე, სპეციალურად ამ პროექტისთვის, ჩინეთში დამზადდა გვირაბგამყვანი საბურღი მანქანა TBM. ეს მანქანა გამოიყენება ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბისათვის. TBM არის ყველაზე თანამედროვე, დახვეწილი და მინიმალური ხმაურის მქონე მეთოდი და, შესაბამისად, ყველაზე ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს გარემოზე, რადგან ვიბრაცია დაყვანილია მინიმუმამდე.
კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია ვალდებულია, შექმნას ადგილ-სპეციფიკური გარემოს მართვის გეგმა. კონტრაქტორი მუდმივად განახორციელებს მონიტორინგს და, თუკი ვიბრაციის, ან ხმაურის დონე გადააჭარბებს სტანდარტით დადგენილ ნორმებს, გატარდება შემარბილებელი ღონისძიებები, მაგალითად, ხმაურისა და ვიბრაციის ზემოქმედების შემცირება სხვადასხვა აღჭურვილობის, ან სამუშაო მეთოდების გამოყენებით.
მცირე გვირაბების გაყვანისას, გამოიყენებენ გვირაბის ღია წესით გაყვანის და ბურღვა-აფეთქებით მეთოდებს, რომლის დეტალური მეთოდოლოგიაც განსაზღვრული იქნება ადგილზე და შეირჩევა ისე, რომ მოხდეს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაცია.