ხადის ხეობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდა
ხადის ხეობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდა
  • ივნისი 10, 2022

ხადის ხეობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდა

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერისა და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში, ხადის ხეობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდა.

9 ივნისს, ხადის ხეობას კლინიკა „რემედიქალის“ სხვადასხვა პროფილის ექიმები ეწვივნენ და მთელი დღის განმავლობაში, ქვეშეთის ამბულატორიულ ცენტრში მსურველებს კონსულტაციას უწევდნენ. უფასო კონსულტაციები ჩაატარეს შემდეგი პროფილის ექიმებმა: ტრიაჟის ექიმი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, ზოგადი ქირურგი, სისხლძარღვთა ქირურგი, ექიმი-ექოსკოპისტი.

 

 

ქვეშეთის ამბოლატორიული ცენტრი მომარაგებული იყო სხვადასხვა მედიკამენტითაც, რომლებიც, საჭიროების მიხედვით გადაეცათ ადგილობრივებს.

“საქართველოს რეგიონების მოსახლეობის უფასო გასინჯვას ლოზუნგით – “ერთად ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე!” – რეგულარულად აწარმოებს კლინიკა “რემედიქალი”. მათი სამედიცინო საჭიროებების გაცნობა და ადგილზე მაქსიმალური დახმარების გაწევა მნიშვნელოვანია ჩვენი საექიმო გუნდის ყველა წევრისთვის,” – ამბობს კლინიკა “რემედიქალის” კლინიკური მენეჯერი, მედიცინის დოქტორი თეა გამეზარდაშვილი.

ჯამში აქციაში მონაწილეობა 70-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო. ბენეფიციარები გამოვლინდნენ წინასწარი კვლევით, რომელიც ხადის ხეობაში „რეგიონული განვითარების ახალგაზრდულმა ცენტრმა“ ჩაატარა.

 

 

„ხადის ხეობაში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაცია/შემოწმებას, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში უკვე მეორედ ვატარებთ. მნიშვნელოვანია, ადგილობრივ მოსახლეობას მსგავსი ტიპის მომსახურება მივაწოდოთ, რადგან, გზის არარსებობის გამო, ხადის ხეობის მკვიდრთა უმეტეს ნაწილს არ აქვს წვდომა სოციალურ სერვისებზე, მათ შორის, მაგალითად, სამედიცინო სერვისზე. ქვეშეთი-კობის ახალი გზა, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, ამ საკითხსაც სრულად მოაგვარებს. მანამდე კი, პროექტის მიმდინარეობისას, ვეცდებით, მსგავსი აქციებით დავეხმაროთ აქ მცხოვრებ ადამიანებს,“ – განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე წურწუმიამ.

აღნიშნული აქცია პენსიონერების მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უშუალო ჩართულობით განხორციელდა.