ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის საბურღი დანადგარის (TBM) სატესტო ჩართვა წარმატებით განხორციელდა - My WordPress Website
ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის საბურღი დანადგარის (TBM) სატესტო ჩართვა წარმატებით განხორციელდა
  • აგვისტო 17, 2021

ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის საბურღი დანადგარის (TBM) სატესტო ჩართვა წარმატებით განხორციელდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

 

პროექტის ფარგლებში გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარის აწყობისა და ტესტირების სამუშაოები უკვე ფინალურ ფაზაშია.

 

ტესტირების პროცესში წარმატებით დასრულდა დანადგარის პირველი სატესტო ჩართვა და საბურღი დანადგარის დატრიალება. 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვის სამუშაოები კი სექტემბრის თვიდან დაიწყება.

 

TBM დანადგარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური გვირაბგამყვანი მანქანაა მსოფლიოში. ამ მეთოდით გვირაბის მშენებლობა მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. ამასთანავე, მანქანა, გვირაბის გაყვანის პარალელურად, უზრუნველყოფს გვირაბის ბეტონით მოპირკეთებასაც, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის უსაფრთხოების სტანდარტებს.

 

აღნიშნული პროექტის განხორციელება ამ მიმართულებით ტრანსპორტის უწყვეტ და უსაფრთხო გადაადგილეაბას წელიწადის ნებისმიერ დროს შესაძლებელს გახდის. ამჟამად არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე, რომელიც ზამთრის დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო არ არის უსაფრთხო. ახალი მაგისტრალური გზისა და გვირაბის მშენებლობა კი გადაადგილების მუდმივ პრობლემას საბოლოოდ მოაგვარებს.

 

გვირაბი, რომელიც ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში აშენდება, სიგრძით 9 კილომეტრი, ხოლო სიგანით 15 მეტრი იქნება და მისი ანალოგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც არ იარსებებს.