ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლაში საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროექტის მეორე შეხვედრა ჩატარდა
ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლაში საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროექტის მეორე შეხვედრა ჩატარდა
  • თებერვალი 11, 2022

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლაში საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროექტის მეორე შეხვედრა ჩატარდა

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, გარემოსდაცვით ორგანიზაცია „ეკოხედვასთან“ ერთად, ქვეშეთის სკოლაში ცნობიერების ამაღლების პროექტი გრძელდება. მოსწავლეებთან და სკოლის დირექციასთან „ეკოხედვის“ წარმომადგენლებმა უკვე მეორე შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მთავარი თემები იყო ეკოკლუბის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება სკოლაში, ასევე კლიმატის ცვლილების ზოგადი საკითხები. ქვეშეთის სკოლის მოსწავლეებს პროექტის მიზნებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიეწოდათ. ასევე, დირექციასთან ერთად დაიგეგმა „ეკოხედვის“ სპიკერების ლექციების განრიგი, ექსკურსიები და სხვა საგანმანათლებლო აქტივობები.

 

 

 

საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროექტის მთავარი მიზანია ხადის ხეობის მოსახლეობის სწორი ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ინფრასტრუქტურულ და გარემოსდაცვით საკითხებზე. ჯამში, პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლის უფროსკლასელებს 5 ლექცია ჩაუტარდებათ. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილია მოსწავლეების ვიზიტი უშუალოდ ქვეშეთი-კობის ახალი გზის სამშენებლო ტერიტორიაზე, უახლესი ტექნოლოგიებისა და მიდგომების გასაცნობად, სალექციო კურსის ბოლოს კი სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ  კონკურსში, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოცხადდება.

საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლაში ჩამოყალიბდება ეკოკლუბი, რომლის წევრებიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა აქტივობაში – ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, კონკურსები და ა.შ.

დაგეგმილია „ეკოხედვის“ წარმომადგენლების შეხვედრა ეკოკლუბის ბენეფიციარებთან, რათა შემუშავდეს ეკოკლუბის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა. გეგმა გულისხმობს ქვეშეთის სკოლის მიმდებარე ტერიტორიების გამწვანებაზე ზრუნვას, სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქციებს, ინტელექტუალური თამაშების ორგანიზებას გარემოსდაცვით თემებზე და ა.შ.

პროექტის დასასრულს, ქვეშეთის საჯარო სკოლაში გაიმართება გარე ღონისძიება – პრეს-კონფერენცია, ნახატების გამოფენა, პროექტის ფარგლებში შემუშავებული რესურსების წარდგენა და პროექტის შეფასება.