უფასო სამედიცინო შემოწმება სოფელ ქვეშეთისა და ხადის ხეობის მოსახლეობისთვის - My WordPress Website
უფასო სამედიცინო შემოწმება სოფელ ქვეშეთისა და ხადის ხეობის მოსახლეობისთვის
  • ნოემბერი 21, 2022

უფასო სამედიცინო შემოწმება სოფელ ქვეშეთისა და ხადის ხეობის მოსახლეობისთვის

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის მხარდაჭერით ქვეშეთის თემისა და ხადის ხეობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდათ.

17 ნოემბერს, ქვეშეთის ამბულატორიულ ცენტრში მსურველებს უფასო კონსულტაცია გაუწიეს კლინიკა „რემედიქალის“ შემდეგი პროფილის ექიმებმა: ტრიაჟის ექიმი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, ზოგადი ქირურგი, სისხლძარღვთა ქირურგი, ექიმი-ექოსკოპისტი.

ქვეშეთის ამბოლატორიული ცენტრი მომარაგებული იყო სხვადასხვა მედიკამენტითაც, რომლებიც, საჭიროების მიხედვით გადაეცათ ადგილობრივებს.

გარდა ამისა, ორმა სამედიცინო ბრიგადამ სახლებში გაუწია კონსულტაცია იმ პაციენტებს, რომლებმაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ადგილზე მოსვლა ვერ მოახერხეს.

“ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, სამედიცინო ამბულატორიულ შემოწმებას ხადის ხეობის მოსახლეობისთვის უკვე მესამედ ვატარებთ. ზოგადად, პროექტის ფარგლებში, მსგავსი სახის სოციალური აქტივობები ხშირად ხორციელდება. ხადის ხეობაში მცხოვრებ მოსახლეობას, უგზოობისა და ზამთარში დიდთოვლობის გამო, არ აქვს წვდომა ისეთ სერვისებზე, როგორიცაა სამედიცინო მომსახურება, აფთიაქი და ა.შ. შესაბამისად, მსგავსი სახის აქტივობები მნიშვნელოვანია, რათა მოსახლეობას პროექტის ფარგლებში დამატებითი სარგებელი მიეცეს,“ – აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე წურწუმია.

ჯამში აქციაში მონაწილეობა 70-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო.

“საქართველოს რეგიონების მოსახლეობის უფასო გასინჯვას ლოზუნგით – “ერთად ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე!” – რეგულარულად აწარმოებს კლინიკა “რემედიქალი”. მათი სამედიცინო საჭიროებების გაცნობა და ადგილზე მაქსიმალური დახმარების გაწევა მნიშვნელოვანია ჩვენი საექიმო გუნდის ყველა წევრისთვის,” – ამბობს კლინიკა “რემედიქალის” კლინიკური მენეჯერი, მედიცინის დოქტორი თეა გამეზარდაშვილი.

ბენეფიციარები გამოვლინდნენ წინასწარი კვლევით, რომელიც ხადის ხეობაში „რეგიონული განვითარების ახალგაზრდულმა ცენტრმა“ ჩაატარა.

აღნიშნული აქცია პენსიონერების მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უშუალო ჩართულობით განხორციელდა.