ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ქვეშეთი-კობის 23-კმ-იან მაგისტრალურ გზასა და გვირაბებზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.
„ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში შენდება უნიკალური თაღოვანი ხიდი, რომელიც იქნება ყველაზე მაღალი ხიდი მთელს რეგიონში. პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე გავეცანით მიმდინარე სამუშაოებს. ველით, რომ 2026 წლის დასაწყისში გაიხსნება გუდაურამდე მონაკვეთი, ხოლო სრულად პროექტის დასრულება 2027 წლის დასაწყისისთვის იგეგმება.მაღალი საინჟინრო სტანდარტების დაცვით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს და უზრუნველყოფს გზის გამართულ ფუნქციონირებას წლის ნებისმიერ პერიოდში. შედეგად, ტრანსპორტისა და ტვირთების გადაადგილება უსაფრთხოდ და შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ასევე იგეგმება ისტორიული სოფლების რეაბილიტაცია, რაც გააძლიერებს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს და შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მაგისტრალური გზის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
