აგვისტო 2020 - My WordPress Website

14 დღიანი კარანტინის შემდეგ ჩინელი სპეციალისტები რიკოთისა და ქვეშეთი-კობის მაგისტრალების მშენებლობაში ჩაერთვებიან

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე მოადგილეებთან ერთად ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და რიკოთისა და ქვეშეთი-კობის მაგისტრალების მშენებლობის პროექტებში დამატებითი პერსონალის ჩართვის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსული სპეციალისტები, სამუშაოებში ჩართვამდე, 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან, რომლის ხარჯებს სრულად დაფარავენ კონტრაქტორი კომპანიები.

ჩინური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში ეტაპობრივად, 21, 23, 25 და 26 აგვისტოს ჩამოვლენ. საქართველოს საზღვარზე მათ PCR ტესტით შემოწმებას და საკარანტინე ზონაში გადაყვანას, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების დაცვით, კომპანიები თავად უზრუნველყოფენ. 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, საკარანტინო სივრცის დატოვებამდე, პერსონალი განმეორებით გაივლის ტესტირებას და ექიმის დასკვნის საფუძველზე ჩაერთვება მიმდინარე სამუშაოებში. სულ, კარანტინის გავლა დაახლოებით 500 სპეციალისტს მოუწევს.

,,საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელშეწყობით, ინფრასტრუქტურულ პროექტების განმახორციელებელმა ჩინურმა კომპანიებმა, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთხოებისთვის საჭირო დაცვითი სამოქმედო გეგმა წინასწარ განსაზღვრეს.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები არ შეჩერებულა, ზოგიერთი მათგანის ტემპი სპეციალური კვალიფიკაციის მქონე მუშახელის არასაკმარისი რაოდენობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა. სამუშაოს უფრო ეფექტურად წარმართვისთვის და მეტი პროგრესის მისაღწევად საჭირო გახდა დამატებითი კვალიფიცირებული პერსონალის ჩინეთიდან ჩამოყვანა.

საქართველოში, ბათუმის შემოვლითი გზისა და გრიგოლეთი-ქობულეთის პროექტებში უკვე ჩაერთნენ თურქი სპეციალისტები, რომლებმაც კარანტინი ყველა წესის დაცვით გაიარეს. ქართული მხარე ასევე განიხილავს სხვა კონტრაქტორი კომპანიების მოთხოვნებსაც, მიმდინარე საერთაშორისო პროექტებისთვის საჭირო სპეციალისტების მსგავსი პროცედურების დაცვით ჩამოყვანის შესაძლებლობის თაობაზე,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

წყარო: interpressnews.ge

როგორი იქნება ქვეშეთი -კობის ახალი გზის მონაკვეთი

ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის – 22.7 კილომეტრიანი გზა, 6 ხიდი და 5 გვირაბი, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბი აშენდება. კობამდე მისასვლელი ახალი გზის ვიდეოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ცნობისთვის, ქვეშეთი – კობის მონაკვეთი საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ნაწილია.

რაც შეეხება 9 კილომეტრიან გვირაბს, რომელიც ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება. პროექტი თბილისი-ლარსის მიმართულებით გადაადგილების დროს 1 საათით შეამცირებს.​

 


წყარო: Imedinews.ge