დეკემბერი 2021 - My WordPress Website

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლაში საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროექტი ხორციელდება

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, გარემოსდაცვით ორგანიზაცია „ეკოხედვასთან“ ერთად, ქვეშეთის სკოლაში ცნობიერების ამაღლების პროექტი დაიწყო. საგანმანათლებლო პროექტის მთავარი მიზანია ხადის ხეობის მოსახლეობის სწორი ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ინფრასტრუქტურულ და გარემოსდაცვით საკითხებზე.

პროექტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ქვეშეთის სკოლის უფროსკლასელებთან ჩატარდა. „ეკოხედვის“ ექსპერტებმა ლექციის მიმდინარეობისას ისაუბრეს ზოგად გარემოსდაცვით საკითხებზე, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს გასათვალისწინებულ მიმართულებებზე. ჯამში, პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლის უფროსკლასელებს 5 ასეთი ლექცია ჩაუტარდებათ. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილია მოსწავლეების ვიზიტი უშუალოდ სამშენებლო ტერიტორიაზე, უახლესი ტექნოლოგიებისა და მიდგომების გასაცნობად, სალექციო კურსის ბოლოს კი სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ კონკურსში, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოცხადდება.

უფროსკლასელების გარდა, „ეკოხედვის“ წარმომადგენლები სკოლის დირექციასა და მასწავლებლებსაც შეხვდებიან. პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლაში ჩამოყალიბდება ეკოკლუბი, რომლის წევრებიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა აქტივობაში – ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, კონკურსები და ა.შ.

ხადის ხეობის განვითარება და დაცვა – ქვეშეთი-კობის ახალი გზის ფარგლებში 2022 წელს ხადას ხეობის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მომზადება დაიწყება

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტთან კონსულტაციით, 2021 წლის ოქტომბერში გამოაცხადა კონკურსი ხადის ხეობის განვითარების გეგმის შემუშავებისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ ურბანულ დაგეგმარებასა და განვითარების გეგმების შემუშავებაში საერთაშორისო გამოცდილების მქონე ადგილობრივ კომპანიებს. საკონკურსო პირობები ჩამოყალიბდა სპეციალურად ისე, რომ უზრუნველყოფილია მაღალი კვალიფიკაციის კომპანიის შერჩევა.

კონკურსის საბოლოო შედეგები 2022 წლის პირველ კვარტალში გახდება ცნობილი. ხადის ხეობის განვითარების გეგმის მომზადება მიზნად ისახავს, ახალი გზის მშენებლობის შედეგად, ხეობისთვის მიღებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებასა და გაზრდას, არსებული უნიკალური გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვას, უკონტროლო მშენებლობების აკრძალვას და, ამავე დროს, ადგილობრივი თემებისთვის სარგებელის მოტანას. გეგმა დაადგენს დასახლებების სამშენებლო და არასამშენებლო არეალებს, გამოყოფს ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტის ტერიტორიებს, ფუნქციურ ზონებსა და ქვეზონებს, განსაზღვრავს ყველა საჭირო პირობას სამშენებლო ნებართვების გასაცემად, კანონმდებლობის შესაბამისად.

ასევე, იდენტიფიცირებული იქნება კონკრეტული პროექტები, რომელთა დაფინანსება სახელმწიფოს, ან კერძო სექტორის მიერ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკისა და ზოგადად, რეგიონის განვითარებას. აღნიშნული დოკუმენტი შემუშავდება ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური თანამონაწილეობით, გათვალისწინებული იქნება მათი ხედვები, იდეები, სურვილები და არგუმენტირებული მოთხოვნები. კონკურსში გამარჯვებული კომპანია ხადის ხეობის განვითარების გეგმას მოამზადებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის, ადგილობრივი კანონმდებლობისა და ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის გათვალისწინებით.