mancho oniashvili, Author at My WordPress Website - Page 5 of 6

ქვეშეთი-კობის ახალი გზა – სარგებელი თუ საფრთხე?

ქვეშეთი-კობის პროექტის სპიკერი იმედა დვალიძე საუბრობს ახალი გზის მნიშვნელობაზე და პასუხს სცემს პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებს.

 

  • გაიღვიძებს თუ არა მიძინებული ვულკანები საქართველოში?
  • რა სარგებელი ან რა საფრთხეა ახალ გზაში?
  • რა უჯდება ქვეყანას იმ გზის მშენებლობა, რომლის რუსეთთან სიახლოვეც საზოგადოების ნაწილს დიდი ხანია აშინებს.
გადაცემა: 119 რაიონი, საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი
წამყვანი: მწერალი გურამ მეგრელიშვილი

ირაკლი ქარსელაძე – წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები

ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე სტუმრად იმედის დილის ახალ რუბრიკაში “საქართველოს გზები”.

მოისმინეთ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შეჯამება და მათ შორის ქვეშეთი-კობის გზის შესახებ ინფორმაცია.

ქვეშეთი-კობის გზა და გუდაურის ახალი სიცოცხლე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველმა, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ყოფილმა დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ონოფრიშვილი განმარტავს, რომ ამ პროექტის განხორციელების შედეგად, განვითარდება მთლიანად ყაზბეგის მუნიციპალიტეტი და ახალ სიცოცხლეს შეიძენს კურორტი გუდაურიც.

მისივე თქმით, ქვეშეთი-კობის ახალი გზის აშენების შემდეგ, საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია გაუმჯობესდება და რეგიონი ინვესტორებისათვის მეტად მიმზიდველი გახდება.

„გუდაურის ერთ-ერთი დიდი პრობლემა სატრანზიტო ავტომობილებია. სწორედ ეს უშლით ხელს ტურისტებს, რომ მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი კურორტზე. ქვეშეთი-კობის გზის აშენების შემდეგ, პრობლემა აღარ იარსებებს და კურორტის საინვესტიციო ღირებულებაც საგრძნობლად გაიზრდება. მაგალითად, ერთიორად გაიზრდება საბაგირო და სათხილამურო გზების ფასი ინვესტორისთვის. განაშენიანების რეგულირების გეგმა სრულფასოვნად ამოქმედდება და კურორტი უფრო ევროპული გახდება, აღარ იქნება გამონაბოლქვი,” – აცხადებს ალექსანდრე ონოფრიშვილი.

 

წყარო: Pia.ge

ქვეშეთი-კობის ახალი გზა და ტურიზმის პერსპექტივები – ინტერვიუ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველთან, ალექსანდრე ონოფრიშვილთან

მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის განხორციელებასაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიმდინარე წელს დაიწყებს, აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 1.240 მილიარდი ლარით აფინანსებს. ქვეშეთი-კობის ახალი გზა სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 4 წელიწადში გაიხსენება.

დაგეგმილია 23 კმ სიგრძის, 2 -ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, ასევე, 1 ხიდის რეაბილიტაცია. უპირველესად, პროექტი მიზნად ისახავს, შესაძლებელი გახადოს რეგიონში უწყვეტად და უსაფრთხოდ გადაადგილება წელიწადის ნებისმიერ დროს. თუმცა, ცხადია, გარდა ამისა, პროექტს უამრავი სარგებელი ექნება, მათ შორის, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით.

კონკრეტულად, რა დადებით შედეგებს მოიტანს რეგიონსა და საქართველოსთვის ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტი, ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მრჩეველმა, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ყოფილმა დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა ისაუბრა.

 

1. რა შედეგებს მოუტანს რეგიონს ისეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა ქვეშეთი-კობის ახალი გზა?

ეს პროექტი, პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ დასაქმდება უამრავი ადამიანი. გარდა ამისა, გაიზრდება რეგიონში გზის გამტარუნარიანობა. თუმცა, ჩემთვის ყველაზე მთავარი ისაა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტი და სტეფანწმინდა აღარასდროს იქნება მოწყვეტილი დანარჩენ საქართველოს ზვავსაშიშ პერიოდში, ზამთარში. ეს რეგიონი მუდმივად იქნება გახსნილი და ექნება წვდომა როგორც დედაქალაქთან, ისე – სხვა რეგიონებთან. როგორც იცით, ზვავსაშიშროების გამო, არსებული გზა, ჯვრის უღელტეხილი ხშირად იკეტება და რეგიონი სრულად არის მოწყვეტილი ცივილიზაციას. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მაგალითად, 10-12 წლის წინ, როდესაც ყაზბეგი დაკეტილი იყო ორი თვის განმავლობაში. ასეთი შემთხვევები არა მარტო ეკონომიკურად აზიანებს ქვეყანას, არამედ – პოლიტიკურადაც. არ შეიძლება, რეგიონი ამდენი ხნით იყოს მოწყვეტილი დანარჩენ ქვეყანას.

რაც შეეხება ეკონომიკურ სარგებელს: ეს პროექტი გააჯანსაღებს ეკონომიკურ სიტუაციას საქართველოში და მიმზიდველს გახდის სრულიად რეგიონს და, კონკრეტულად, კურორტ გუდაურს. გუდაურის ერთ-ერთი დიდი პრობლემა სატრანზიტო ავტომობილებია. სწორედ ეს უშლით ხელს ტურისტებს, რომ მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი კურორტზე. ქვეშეთი-კობის გზის აშენების შემდეგ, პრობლემა აღარ იარსებებს და კურორტის საინვესტიციო ღირებულებაც საგრძნობლად გაიზრდება. მაგალითად, ერთიორად გაიზრდება საბაგირო და სათხილამურო გზების ფასი ინვესტორისთვის. განაშენიანების რეგულირების გეგმა სრულფასოვნად ამოქმედდება და კურორტი უფრო ევროპული გახდება, აღარ იქნება გამონაბოლქვი.

 

2. რა გავლენას იქონიებს ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტი ადგილობრივებზე? როგორ ფიქრობთ, დაუბრუნდებიან ისინი რეგიონს?

ეს ავტომატურად მოხდება. ქვეშეთი-არახვეთი-კობისთვის ეს არის ერთ-ერთი დიდი შანსი, რომ ადგილობრივები დასაქმდნენ. კონტრაქტის მიხედვით, დასაქმებულთა უმეტესი წილი სწორედ ადგილობრივებზე მოდის, იგეგმება მათი სამშენებლო სამუშაოებში ჩართვა. მეორე მხრივ, რეგიონი ტურისტულად უფრო მიმზიდველი გახდება ინვესტორთათვის, რადგან მცირდება ყაზბეგამდე მისასვლელი გზა. ასევე, გუდაურის განაშენიანების რეგულირების გეგმაში დევს საინვესტიციო პაკეტი, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა, უნიკალური გვირაბიდან დაახლოებით 300-400 მეტრში. გამოდის, რომ ინვესტორს ექმნება ორი დადებითი ფაქტორი – წვდომა დედაქალაქიდან და საერთაშორისო აეროპორტიდან მცირდება და, გარდა ამისა, გზა არ ჩაიკეტება მთელი წლის განმავლობაში. ეს განავითარებს ყაზბეგსაც და კობსაც, ანუ მთლიან რეგიონს. შესაბამისად, დასაქმდებიან ადგილობრივებიც. მართალი გითხრათ, მე ვერც კი წარმომიდგენია, რომ ამ ყველაფერს არსებული ადამიანური რესურსი ეყოს. აუცილებლად იქნება საჭირო, რომ მოხევეები, მთიულები, დედაქალაქიდან თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ, ამ პროექტზეც იმუშაონ და შემდეგ ტურისტულ ბიზნესში ჩაერთონ.

 

3. რა არგუმენტები შეიძლება, წარვუდგინოთ იმ ადამიანებს, ვინც ეწინააღმდეგებიან რეგიონში გზის მშენებლობას და ამბობენ, რომ ამით დაზიანდება უნიკალური ბუნება და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები?

აქ არგუმენტები არ არის საჭირო. მთავარია ის, რომ უნდა განხორციელდეს მუდმივი მონიტორინგი, რაც ამ პროექტით გათვალისწინებულია კიდეც. თავად იმ ადამიანებმა, ვისაც გარკვეული ეჭვები აქვთ, უნდა აწარმოონ მონიტორინგი. ვიცი, რომ პროექტში ბევრი სპეციალისტია ჩართული, სამინისტრომ გამოაცხადა მზაობა, რომ მინიმალური შეხება ჰქონდეს ბუნებასთან, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებთან. შესაბამისად, გამორიცხულია, დაზიანდეს რომელიმე ისტორიული ძეგლი. ექსპერტთა ჯგუფი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით და ეს პრობლემა აუცილებლად აღმოიფხვრება. როდესაც ექსპერტები იტყვიან, რომ პროექტი კვეთს წითელ ხაზებს, ეს პროექტი აუცილებლად შეიცვლება.

 

4. ეკონომიკური თვალსაზრისით, რამდენად მომგებიანი და გამართლებულია ამხელა ინვესტიცია?

მე მიმაჩნია, რომ ქვეშეთი-კობის ახალი გზა სწორედ ის პროექტია, რომლისთვისაც ვალი აუცილებლად უნდა აგვეღო და განვმარტავ, რატომ. ეს ვალი არის გრძელვადიანი და, რეალურად, უპროცენტო. აღნიშნული პროექტი მოიტანს ძალიან დიდ სარგებელსა და აღმავლობას რეგიონისთვის. რომ დაითვალოს ნებისმიერმა ეკონომისტმა, მიხვდება, რომ თანხა, რომელიც ჩაიდება ამ პროექტში, ვერ იქნება წამგებიანი. მეტიც, ფაქტობრივად გამოვა, რომ ეს პროექტი არაფერიც არ დაჯდა, იმდენად დიდი იქნება მოგება. რეგიონში შემოდის მდგრადობა, რაც მეტ ინვესტიციას გულისხმობს, თავისთავად. ზუსტად ასეთი პროექტებით უნდა გაძლიერდეს ქვეყანა და ინფრასტრუქტურამ უნდა მიგვიყვანოს კეთილდღეობამდე.

 

წყარო: kvira.ge

ახალი ინოვაციური პროექტი ულამაზეს ბუნებაში: რას მოგვცემს ქვეშეთი-კობის გზა

ახალი ინოვაციური პროექტი, რომელიც ქვეშეთი-კობის ტერიტორიაზე ავტომაგისტრალის მშენებლობას გულისხმობს, სტარტს ამა წლის დეკემბრიდან აიღებს. პროექტთან დაკავშირებით მოეწყო მედიატური, სადაც საგზაოს დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს პროექტის მნიშვნელობასა და მშენებლობის დეტალებზე ესაუბრეს.

მოგეხსენებათ, ქვეშეთი-კობის ტერიტორია, ბუნების ულამაზეს ადგილზეა. ტერიტორია გამოირჩევა უნიკალური, ველური სილამაზის მქონე ხეობით, ასევე თვალსაჩინოა მისი კლდოვანი ლანდშაფტი და სამკურნალო წყლები. ამ გარემოს მაქსიმალური შენარჩუნების მიზნით, არაერთი ალტერნატიული ვარიანტი განიხილებოდა, თუმცა არჩევანი მაინც საბოლოო პროექტზე შეჩერდა.

ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზა ჩრდილო-სამხრეთ დერეფნის, სატრანზიტო მნიშვნელობის ნაწილია. გზა რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე გადის, რაც ბევრ პრობლემას იწვევს, განსაკუთრებით ზამთარში, რადგან ტერიტორია დიდთოვლობით გამოირჩევა. ახალი გზა კი ამ პრობლემის გადაჭრას მოახერხებს. საზოგადოებისთვის გადაადგილება ბევრად უსაფრთხო და საიმედო გახდება, სატრანსპორტო მიმოსვლა კი წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება.

ადგილობრივი მოსახლეობა არაერთი გამოწვევის წინ დგას, რაც პროექტის შემდეგ მათვისს ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლას გულისხმობს. მთ შორისაა მძიმე მეტეოროლოგიური და სოციალური პირობების გამო ხადის ხეობის დაცლილი სოფლები, სადაც მოსახლეობა წელიწადში საშუალოდ 4 თვით საქართველოს სხვა ტერიტორიებთან მოწყვეტილები არიან. პროექტი ასევე აღმოფხვრის იმ პრობლემებს, როგორიცაა: ხეობაში აფთიაქის, სასურსათო მაღაზიის და სამედიცინო დახმარების არქონა. მოეწყობა ინფრასტრუქტურა, რომელიც ხეობაში ტურისტულ პოტენციალს განავითარებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილი „ფორტუნასთან“ აცხადებს, რომ პროექტის მთავარი მიზანი რეგიონში არსებული სიტუაციის გაუმჯობესებაა. ადგილობრივი მოსახლეობის გარე სამყაროსთან დაკავშირებით უზრუნველყოფა, უწყვეტი და უსაფრთხო გადაადგილება, სხვადასხვა მიმართულებით ტურიზმის განვითარება, საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის გაზრდა და ასევე ავტოსაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

ამასთან, პროექტის დასრულების შემდეგ მძღოლები გადაადგილებისას დროსა და ხარჯებს დაზოგავენ. ახალი გზის საშუალებით, ადრე თუ გზის დაფარვას 1 საათი სჭირდებოდა, ახლა უკვე იგივე მანძილის დასაფარად 15 წუთი იქნება საჭირო. პროექტის ფარგლებში, ქვეშეთი-კობის ტერიოტორიაზე 23 კმ სიგრძის 2-ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდის და 5 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. მათ შორის ყველაზე გრძელი გვირაბი 9 კმ-ს შეადგენს. მეტად თვალსაჩინო იქნება თაღოვანი ხიდი როგორც ვიზუალის, ასევე უსაფრთხოების მხრივ, რომელიც 426მ სიგრძის იქნება.

სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტის საერთო ღირებულება 1.240 მილიარდი ლარია. პროექტის პერიოდი კი სამუშაოების დაწყებიდან 4 წლის ვადაში დასრულდება.

 

წყარო: Fortuna.ge

რა ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს იღებს საქართველო ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობით

ქვეშეთი-კობის ტერიტორიაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი უნიკალური პროექტის განხორციელებას იწყებს და ახალი გზის აშენებას გეგმავს. პროექტის მიზანია,  შესაძლებელი გახადოს უწყვეტად და უსაფრთხოდ გადაადგილება წელიწადის ნებისმიერ დროს და გააუმჯობესოს რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური სიტუაცია. როგორც გზების დეპარტამენტში ამბობენ, ახალი გზით შემცირდება გადაადგილების დრო და ხარჯები, გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება, გაიზრდება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და განვითარდება სხვადასხვა მიმართულების ტურიზმი.

 

უფრო კონკრეტულად, რა სახის ეკონომიკურ, თუ სოციალურ სარგებელს მიიღებს ქვეყანა აღნიშნული პროექტის განხორციელებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, პროექტის ეკონომიკური სარგებლიანობა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევებით დაადგინეს. ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ პროექტით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არ დაინტერესდებოდნენ, თუ მას ეკონომიკური სარგებელი არ ექნებოდა.

 

ეკონომიკურ სარგებლიანობასთან ერთად, ქვეშეთი-კობის ახალი გზა მოაგვარებს სხვა პრობლემებსაც, მათ შორის, საგზაო უსაფრთხოებას, ჩაკეტილ გზას 100 დღის განმავლობაში, მოსახლეობის წვდომას ძირითად, აუცილებელ საჭიროებებზე და ა.შ.

 

„კოვიდ-19-ის გავრცელების პირობებში, 5 დღის განმავლობაში ჩაკეტილი იყო არსებული გზა და ის აუცილებელი პროდუქტი, წიწიბურა იქნებოდა ეს, ბურღულეული თუ სხვა, ვერ მიეწოდებოდა მოსახლეობას. მოგვიწია ზვავის მთელი რიგი შესაძლო კერების ხელოვნური მართვა რათა პროდუქტი დანიშნულების ადგილამდე მისულიყო . ზუსტად ასეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევებს უმკლავდება აღნიშნული პროექტი. ამ შემთხვევაშიც სარგებლიანობა აშკარაა და ამის დასტურია ის უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მივიღეთ,“ – განმარტავს ირაკლი ქარსელაძე.

 

წყარო: Primetime.ge

მალე ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობა დაიწყება – უნიკალური პროექტი 4 წელიწადში დასრულდება

23 კმ სიგრძის, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია, ასევე, საცალფეხო გადასასვლელები, საფეხმავლო ბილიკები, ქვეითთა/პირუტყვთა გადასასვლელები და სხვ.

სწორედ ამ ელემენტებს მოიცავს უნიკალური, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტი, რომლის განხორციელებასაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს.

 

პროექტის საერთო ღირებულება 1.240 მილიარდი ლარია. სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს. სამშენებლო პროცესის მონიტორინგს კი ახორციელებს საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია  UBM INTERNATIONAL UNITED CONSULTANTS INC.

 

შემსრულებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია, უახლოეს მომავალში კი მოსამზადებელი სამუშაოები უნდა დაიწყოს. როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, მშენებლობისას გამოყენებული იქნება უნიკალური, მაღალტექნოლოგიური მეთოდები. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის მქონე გვირაბის მშენებლობისთვის გამოიყენება. ქარსელაძე განმარტავს, რომ ამ გვირაბის გასაყვანად ჩინეთიდან საქართველოში სპეციალურად დამზადებული გვირაბგამყვანი მანქანა, ე.წ. თიბიემი ჩამოვა.

 

„კარგია ის, რომ მიუხედავად ეპიდვითარებისა, ე.წ. თიბიემი დროზე ადრე ჩამოვა. შესაბამისად, პროექტს დროულად განვახორციელებთ. ყველაზე ხანგრძლივი სწორედ ამ 9 კმ-იანი სიგრძისა და 15 მეტრიანი დიამეტრის მქონე გვირაბის მშენებლობაა. ეს არის ყველაზე თანამედროვე, დახვეწილი და მინიმალური ზეგავლენის მქონე მეთოდი. ეს არის აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკა და, შესაბამისად მეთოდი, დახვეწილია. არსებობს ამ მეთოდის გამოყენების მრავალი წარმატებული მაგალითი,“ – აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

 

მისივე განმარტებით, უშუალოდ სამუშაოების დაწყებიდან 3 წლის შემდეგ დასრულდება მისასვლელი გზის მშენებლობა. რაც შეეხება უნიკალურ გვირაბს, რომელიც ქვეშეთი-კობის გზის პროექტის განუყოფელი ნაწილია, სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 4 წლის თავზე იქნება მზად. საბოლოოდ, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტი სამუშაოების დაწყებიდან სრულად 4 წელიწადში ჩაბარდება.

 

წყარო: Primetime.ge

რა კრიტერიუმებით შეირჩა ახალი გზის ასაშენებლად ქვეშეთი-კობის ლოკაცია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სულ მალე, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის განხორციელებას დაიწყებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც უამრავ პრობლემას მოაგვარებს. პირველ რიგში კი, საცხოვრებელ პირობებს გაუუმჯობესებს ადგილობრივებს.

მიუხედავად ამისა, არაერთხელ დაისვა კითხვა, თუ რა ალტერნატივები არსებობდა ამ ტერიტორიაზე გზის აშენების დაგეგმვისას და რა კონკრეტული კრიტერიუმებით შეირჩა ქვეშეთ-კობის ლოკაცია. ამ კითხვაზე დეტალურად პასუხი გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ გასცა.

მისი განცხადებით, ქვეშეთი-კობის გზის პროექტირებისას არაერთი კვლევა ჩატარდა და გზების დეპარტამენტმა, სპეციალისტებთან ერთად, რამდენიმე მონაკვეთი დეტალურად შეისწავლა.

„თავდაპირველად, კვლევების შედეგად გამოვავლინეთ 30-ზე მეტი ალტერნატივა, ნულოვანი ალტერნატივის ჩათვლით. ნულოვანში ვგულისხმობ ვერსიას, რომ არაფერი შეიცვალოს და დარჩეს არსებული გზა. მომდევნო ეტაპზე კიდევ ჩავატარეთ კვლევები, მათ შორის გეოლოგიური, გეოტექნიკური, ვულკანური, გარემოსდაცვითი, სოციალური და ა.შ. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ეს გარდაისახა მულტიფუნქციურ ანალიზში, რომლის შედეგადაც, ყველა პარამეტრის გათვალისწინებით, კიდევ შევამცირეთ ალტერნატივათა სია, გავაკეთეთ საბოლოო შეფასება, რომლის საფუძველზეც, ქულების მინიჭების მეთოდით, შევარჩიეთ ერთადერთი და ყველაზე სწორი ვარიანტი. სწორედ ამ პროცედურების გავლით, ასეთი სიღრმისეული ანალიზის ჩატარების შედეგად, წარმოიქმნა და დამტკიცდა ის მარშრუტი, რის განხორციელებაზეც ვსაუბრობთ დღეს,“ – აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ აღნიშნული გზა გადის ათ სოფელზე, რომელიც ზამთარში, კლიმატური და რელიეფური პირობებიდან გამომდინარე, მოწყვეტილია გარე სამყაროს და, ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივები სამედიცინო მომსახურებასაც ვერ იღებენ. გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ამ გზით ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა ჩნდება.

 

წყარო: Commersant.ge

ირაკლი ქარსელაძე ქვეშეთი-კობის პროექტის შესახებ

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე “მაესტრო რეგიონები”-ს პირდაპირ ეთერში საუბრობს ქვეშეთი-კობის ახალი გზის მნიშვნელობაზე.

 

 

ირაკლი ქარსელაძე – უახლოეს მომავალში ქვეშეთი-კობის ახალი გზის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 23 კმ სიგრძის, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მოეწყობა საცალფეხო გადასასვლელები, საფეხმავლო ბილიკები, ასევე ქვეითთა/პირუტყვთა გადასასვლელები და სხვ. ახალი გზით შემცირდება გადაადგილების დრო და ხარჯები, გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება, გაიზრდება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და განვითარდება სხვადასხვა მიმართულების ტურიზმი.

პროექტის საერთო ღირებულება 1.240 მილიარდი ლარია. სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს. სამშენებლო პროცესის მონიტორინგს კი ახორციელებს საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია UBM INTERNATIONAL UNITED CONSULTANTS INC.

რა ეტაპზეა სამუშაოები, როდის ექნება საქართველოს მოსახლეობას ახალი გზა და როგორ აპირებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისა და უნიკალური ბუნების შენარჩუნებას, ამასთან დაკავშირებით გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა.

– სულ მალე უნდა დაიწყოს ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. ცნობილია უკვე რა დრო დასჭირდება ამ პროექტის დასრულებას?

– პროექტის ხელშეკრულება ორივე ლოტზე გაფორმდა 2019 წელს, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სამუშაოების დაწყების ნებართვის გაცემიდან 36 თვე არის განსაზღვრული მიმსავლელი გზის ასაშენებლად, ხოლო 48 თვე გვირაბის ასაშენებლად, რაც შეეხება სამუშაოების დაწყებას, მიმდინარე წლის შემოდგომაზეა გათვალისწინებული. კარგია ის, რომ მიუხედავად ეპიდვითარებისა, დროზე ადრე ჩამოვა გვირაბის გამყვანი მანქანა, ე.წ. თიბიემი. შესაბამისად, პროექტს დროულად განვახორციელებთ. ყველაზე ხანგრძლივი სწორედ ამ 9 კმ-იანი სიგრძისა და 15- მეტრიანი დიამეტრის მქონე გვირაბის მშენებლობაა. ეს არის უპრეცედენტო პროექტი არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ – მთლიანად რეგიონისთვის. ეს გვირაბი, ნამდვილად დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიოს უნიკალური გვირაბების ჩამონათვალში. მისი მშენებლობა სპეციალურად ამ პროექტისათვის დამზადებული გვირაბგამყვანი საბურღი მანქანით, TBM-ით ხდება. ეს არის ყველაზე თანამედროვე, დახვეწილი და მინიმალური ზეგავლენის მქონე მეთოდი. ეს არის აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკა და შესაბამისად, მეთოდი დახვეწილია , არსებობს ამ მეთოდის გამოყენების მრავალი წარმატებული მაგალითი, რაც შეეხება დანარჩენი 4 პატარა გვირაბის მშენებლობას, გამოყენებული იქნება გვირაბის ღია წესით გაყვანის და ბურღვა-აფეთქებითი მეთოდები, რომლის დეტალური მეთოდოლოგიაც განსაზღვრული იქნება ადგილზე და შეირჩევა ისე, რომ მოხდეს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაცია.

რაც შეეხება სამუშაოების დასრულებას, პროექტი უშუალოდ სამუშაოების დაწყებიდან 4 წლის თავზე დასრულდება. უფრო კონკრეტულად, პროექტის მიხედვით, სამუშაოების დაწყებიდან 3 წლის შემდეგ დასრულდება მისასვლელი გზა. რაც შეეხება უნიკალურ გვირაბს, რომელიც ქვეშეთი-კობის გზის პროექტის განუყოფელი ნაწილია, სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 4 წლის თავზე იქნება მზად. გამოდის, რომ საბოლოოდ, პროექტს მშენებლობის დაწყებიდან 4 წელიწადში ჩავაბარებთ.

– არსებობდა თუ არა ამ გზის აშენების ალტერნატიული ლოკაციები და რატომ შეჩერდა არჩევანი, მაინცდამაინც, ქვეშეთი-კობის ლოკაციაზე?

– ქვეშეთი-კობის გზის პროექტირებისას არაერთი კვლევა ჩატარდა. პირველ ეტაპზე მომზადდა წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. შემდეგ, ჩატარდა შესაბამისი კვლევა. მოგვიანებით, შევისწავლეთ გზის მონაკვეთი მთლიანად ჟინვალიდან ლარსამდე და გაირკვა, რომ ქვეშეთი-კობი, კერძოდ კი ჯვრის უღელტეხილი, ყველაზე მწვავე და მათ შორის, ნეგატიური გავლენის მქონე მონაკვეთია. დეტალური პროექტირებისას კი ამ შესაძლებლობებიდან გამოვყავით ძირითადი შესაძლო მარშრუტები. თავდაპირველად, გვქონდა 30-ზე მეტი ალტერნატივა, ნულოვანი ალტერნატივის ჩათვლით. ნულოვანში ვგულისხმობ ვერსიას, რომ არაფერი შეიცვალოს და დარჩეს არსებული გზა. მომდევნო ეტაპზე კიდევ ჩავატარეთ კვლევები, მათ შორის გეოლოგიური, გეოტექნიკური, ვულკანური, გარემოსდაცვითი, სოციალური და ა.შ. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ეს გარდაისახა მულტიფუნქციურ ანალიზში, რომლის შედეგადაც, ყველა პარამეტრის გათვალისწინებით, კიდევ შევამცირეთ ალტერნატივათა სია, გავაკეთეთ საბოლოო შეფასება, რომლის საფუძველზეც, ქულების მინიჭების მეთოდით, შევარჩიეთ ერთადერთი და ყველაზე სწორი ვარიანტი. სწორედ ამ პროცედურების გავლით, ასეთი სიღრმისეული ანალიზის ჩატარების შედეგად, წარმოიქმნა და დამტკიცდა ის მარშრუტი, რის განხორციელებაზეც ვსაუბრობთ დღეს.

გარდა ამისა, ხაზგასასმელია სოციალური ფაქტორებიც. კერძოდ, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნული გზა ათ სოფელზე გადის. ეს სოფლები ზამთრის პერიოდში მოწყვეტილია გარე სამყაროს, კლიმატური და რელიეფური შეზღუდვებიდან გამომდინარე. ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივები ელემენტარული საჭიროებების, მათ შორის, სამედიცინო მომსახურების მიღებასაც ვერ ახერხებენ.

რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ გუდაურიც, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული და წამყვანი სამთო კურორტი, რეგიონის ტურისტული ბრენდი. სხვათა შორის, არსებული ალტერნატივებიდან სწორედ ამ ერთადერთი მარშრუტით არის ეს შესაძლებელი ეს – რომ გუდაურთან მოეწყოს 5 კმ-იანი დამაკავშირებელი გზა. ეს გუდაურს, თვისობრივად განსხვავებული განვითარების პერსპექტივას სძენს.

არსებული გზის ანალიზისას, გავითვალისწინეთ ასევე უბედური შემთხვევების სტატისტიკაც. ამ ნეგატივებზე ერთიანი, სისტემური, კომპლექსური პასუხია აღნიშნული პროექტი თავისი მარშრუტით და თავისი 9კმ-იანი გვირაბით. ეს გზა არის უწყვეტი კავშირი ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან და იქ მდებარე სოფლებთან და, რომ არაფერი ვთქვათ ტურიზმის განვითარების აუცილებლობაზე, ეს არის აუცილებელი საჭიროება სწორედ იქ მცხოვრები ადამიანებისთვის.

– რა პრობლემებს აგვარებს ქვეშეთი-კობის ახალი გზა და რა განწყობით ხვდება სიახლეს ადგილობრივი მოსახლეობა?

– ჯერ კიდევ პროექტის დაწყებამდე, მოსახლეობასთან 43 საჯარო შეხვედრაზე მეტი ჩატარდა. ასევე, შევხვდით პროფესიული წრეების წარმომადგენლებს, დაინტერესებულ მხარეებს, გავუზიარეთ ყველანაირი ინფორმაცია და ბუნებრივია, შეხვედრიდან შეხვედრამდე ზუსტდებოდა მოსახლეობისთვის და ყველა დაინტერესებული მხარისთვის მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ყველა დეტალი. საბოლოო ჯამში, ინფორმაცია, რომელიც პროექტთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტს აქვს, სრულად გავუზიარეთ მოსახლეობასა და დაინტერესებულ მხარეებს. გავაცანით კვლევაში მონაწილე ექსპერტების, ჩართული სპეციალისტების მიერ შესწავლილი საკითხების დასკვნები და რეკომენდაციები.

საჯარო ხასიათის შეხვედრები მოსახლეობასთან დღესაც ინტენსიურად გრძელდება, ვსაუბრობთ ისეთ მნიშვნელოვან დეტალებზე, რაც უკავშირდება განსახლებას და სხვა სოციალურ საჭიროებებს. ეს პროექტი არ უკავშირდება მხოლოდ გზას. ეს, პირველ რიგში, არის პროექტი, რომელიც ამ რეგიონში მდებარე სოფლებს და იქ არსებულ მოსახლეობას ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს, არა მხოლოდ პროექტის დასრულების შემდეგ, არამედ – უშუალოდ პროექტის განხორციელების პერიოდში. მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა. ძალიან ბევრმა ადგილობრივმა , რიმელიც ამ ეტაპზე მთაში არ ცხოვრობს, გამოთქვეს თავის სოფლებში დაბრუნების სურვილი ახალი გზის არსებობისშემთხვევაში. მათ უჩნდებათ დასაქმების შესაძლებლობა, ახალი პროფესიების დაუფლების შანსი, არსებული უნარების განვითარების და ახალი უნარების შეძენის პერსპექტივა. ეს არის რეგიონის მდგრადი განვითარების წინაპირობა.

როგორც აღვნიშნე, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა პროექტის განხორციელების პროცესში. პროექტის ღირებულება მილიარდ სამას მილიონამდეა. წარმოიდგინეთ, რა რაოდენობის ადამიანების დასაქმება-მონაწილეობაზეა საუბარი. ამ ხალხს, ბუნებრივია, დასჭირდება ელემენტარული სერვისების მიღება, რაც მათ დასახლებას, კვებას, სანიტარული და ჰიგიენური პირობების დაკმაყოფილებას ეხება. შესაბამისად, არაპირდაპირ დასაქმებულთა რიცხვიც ძალიან დიდი იქნება. სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ადგილობრივების დატრენინგება და სწავლება, რომ ახალ რეალობასა და ახალ შესაძლებლობებს ყველა უკვე მომზადებული შეხვდეს. მაგალითად, ტურისტული თვალსაზრისით, გათვალისწინებულია დიდი ტურისტული ცენტრის აშენება. გზის მიმდებარე სოფლები კი გარდაიქმნებიან ტურისტულ ადგილებად, ეს კიდევ ახალი შესაძლებლობა იქნება მოსახლეობისათვის. ჩვენ ნამდვილად ვსაუბრობთ ახალ გუდაურებზე, რომლის პირობებშიც უძრავი ქონების ფასიც მნიშვნელოვნად გაიზრდება. მომავალში გაკეთდება ჰოსტელები, სასტუმროები და მოსახლეობას დამატებითი შემოსავლის წყარო გაუჩნდება.

– რაც შეეხება განსახლებას, რამდენად არის მოგვარებული ეს საკითხი ადგილობრივ მოსახლეობასთან, რა პრობლემებია ამ მიმართულებით?

– განსახლება სრული პროცესს უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომლის ფარგლებშიც ინტენსიური კომუნიკაცია ადგილობრივ მისახლეობასთან ერთადერთი გზა არის წარმატების მისაღწევად და შედეგებზეც პირდაპირ აისახება, ამდროისათვის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. პარალელურად, მიმდინარეობს მიწების ლეგალიზება და სხვა აუცილებელი სამართლებრივი ქმედებები, რომლის გარეშეც შემდგომი გამოსყიდვები ვერ განხორციელდება. მინდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივები აქტიურად არიან ჩართულები. ცხადია, ჩვენც ყველა შესაძლო მხარდაჭერას ვახორციელებთ ადგილობრივებთან მიმართებაში.

– რამდენად მომგებიანი იქნება ამხელა ინვესტიცია პროექტში და ამის განსაზღვრაში ჩართულები იყვნენ თუ არა ეკონომიკის ექსპერტები?

– წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური და შემდეგ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შესწავლის მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ ეკონომიკური სარგებლიანობის დადგენა იყო. უფრო მეტიც, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები სხვა მნიშვნელოვან პარამეტრებთან ერთად, როგორიცაა: გარემო, სოციალური საკითხები, საინჟინრო გადაწყვეტები, ეკონომიკური სარგებლიანობის დადგენასაც აქცევენ ყურადღებას. ეს პარამეტრები აუცილებელი და საჭიროა იმისთვის, რომ კონკრეტულმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა მხარი დაუჭიროს პროექტს და დააფინანსოს. სწორედ, ასეთი დეტალური შესწავლის შედეგად ჩამოყალიბდა დასკვნები და ეს დასკვნები გახდა საფუძველი იმისა, რომ პროექტს ორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან დაფინანსება მიეღო.

ქვეშეთი-კობის ახალი გზა, ეკონომიკურ სარგებლიანობასთან ერთად, არის პასუხი იმ გამოწვევებზე, რომლებიც ეკონომიკასთან პირდაპირ კავშირში არაა. ვგულისხმობ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს – საგზაო უსაფრთხოებას, ჩაკეტილ გზას 100 დღის განმავლობაში, მოსახლეობის წვდომას ძირითად, აუცილებელ საჭიროებებზე. კოვიდ-19-ის გავრცელების პირობებში, 5 დღის განმავლობაში ჩაკეტილი იყო გზა და ის აუცილებელი პროდუქტი, წიწიბურა იქნებოდა ეს, ბურღულეული თუ სხვა, ვერ მიეწოდებოდა მოსახლეობას. მოგვიწია ზვავის მთელი რიგი შესაძლო კერების ხელოვნური მართვა რათა პროდუქტი დანიშნულების ადგილამდე მისულიყო.ზუსტად ასეთ სასიცოცხლოთ მნიშვნელოვან გამოწვევებს უმკლავდება აღნიშნული პროექტი. ამ შემთხვევაშიც სარგებლიანობა აშკარაა და ამის დასტურია ის უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მივიღეთ.

– ადგილობრივი მოსახლეობა და ზოგადად, საზოგადოება ღელავს იმაზე, რომ ასეთი გრანდიოზული მშენებლობით, შესაძლოა დაზიანდეს ხადის ხეობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები. რა სახის გარანტიას აძლევთ მათ, რომ ეს არ მოხდება?

– ჩვენ ვისაუბრეთ მულტიფუნქციურ ანალიზზე. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების და მათთან მიმართებაში გზის გაყვანის ანალიზი ერთ-ერთი ძირეულია. პროექტის შესაბამის ეტაპზე, კვლევებით შეფასდა კულტურული მემკვიდრეობის საკითხიც და დადგინდა, რომ პროექტის განხორციელების და შემდგომში, ფუნქციონირების პერიოდში, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე ზეგავლენა არ იქნება. გათვალისწინებულია ყველა ნორმა საქართველოს კანონმდებლობით. უფრო მეტიც, მზადდება კიდევ უფრო დეტალური კვლევა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ, რომელიც უფრო სიღრმისეულად შეისწავლის ამ მარშრუტზე არსებულ ობიექტებს, გზის მშენებლობის პროცესსა და შემდგომში ექსპლუატაციის ასპექტებს. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველაფერი, რომ არ დაირღვეს არც ერთი მოთხოვნა ამ მიმართულებით. ნებისმიერი სახის მღელვარება ამ საკითხთან მიმართებაში უსაფუძვლოა. ჩვენთვისაც ძალზედ სენსიტიურია ეს საკითხი. პროექტი უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვანი საკითხების შენარჩუნების და შემდგომი განვითარების გათვალისწინებით, და არა რაიმეს გაფუჭების ხარჯზე.

– გუდაურზე და, ზოგადად, სამთო ტურიზმზე როგორ აისახება ეს პროექტი?

– ამ პროექტის განხორციელების შედეგად, ჩვენ ვისაუბრებთ არა ერთ, არამედ ბევრ გუდაურზე. ვგულისხმობ სოფლებს, რომლებსაც გაივლის გზა და რომლებიც თვისობრივად ახალ კურორტებად ჩამოყალიბდებიან. ამ მხრივ გვქონდა განხილვა პროფესიულ წრეებთანაც.

აღნიშნული პროექტი გუდაურისათვის შემოვლით გზას წარმოადგენს, რაც ნიშნავს იმას,რომ გუდაურში სატრანზიტო მოძრაობა აღარ განხორციელდება და შესაბამისად საგზაო უსაფრთხოების, ეკოლოგიური და სხვა საკითხები მოწესრიგდება, რაც გუდაურს განვითარების ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.

– რამდენად გაზრდის ქვეშეთი-კობის გზის გაყვანა რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის ალბათობას და რამდენად რეალურია ის მოსაზრება, რომ ეს გზა რუსეთის, ჩვენი მტრის წისქვილზე დაასხამს წყალს?

– მსგავსი არგუმენტი აბსოლუტურად უსაფუძვლოა და სერიოზულ კომენტარს შეიძლება არც იმსახურებდეს, როდესაც ქვეშეთი-კობის პროექტზე ამ ჭრილში საუბრობენ ავიწყდებათ, რომ გვირაბის მეორე მხარეს ისევ საქართველოა, კერძოდ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი და პირველ რიგში აქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისათვის სასიცოცხლოთ მნიშვნელოვანია უწყვეტი კომუნიკაციის არსებობა და რეგიონის სამომავლო განვითარება. 2018 წელს დევდორაკის სტიქიის დასაძლევათ გავხსენით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი 1700 მეტრიანი გვირაბი, რომელიც სრულად დაიცავს ხეობას სტიქიის სამომავლო განვითარებისგან. 21 საუკუნეში სტიქიის დასაძლევად, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოსახლეობის პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად აშენებულ გზასთან და გვირაბთან მიმართებით სამხედრო აგრესიაზე საუბარი ნამდვილად არასერიოზულია. ნამდვილად დიდი მიღწევაა, რომ ასეთ მასშტაბურ პროექტს ვაკეთებთ და დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს საერთაშორისო განვითარების პარტნიორებს ასეთი სირთულის და მაშტაბის პროექტის მხარდაჭერისათვის.

წყარო: Interpressnews.ge